ნორვეგიაში ქვეყნის მეფის, ჰარალდ მეხუთისა და დედოფალ სონიას უფროსი ქალიშვილის, მართა ლუიზას ქორწილი გაიმართა.
52 წლის პრინცესა თავის 49 წლის რჩეულზე - კალიფორნიის მკვიდრ დურეკ ვერეტზე დაქორწინდა, რომელიც ამტკიცებს, რომ შამანია.
წყვილმა ცერემონიის გადაღების ექსკლუზიური უფლება ბრიტანულ ჟურნალ Hello-ს მისცა, რომლის ინფორმაციითაც, ქორწილს 350 სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ როგორც პატარძლის ოჯახის წევრები, ასევე შვედეთისა და ნიდერლანდების სამეფო ოჯახების წარმომადგენლები, ინფლუენსერები და ნორვეგიის ცნობილი სახეები.
საზეიმო ღონისძიება საკურორტო ქალაქ გეირანგერში გაიმართა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესულ ფიორდზე მდებარეობს. ქორწილის ვიდეოგადაღების უფლება კი Netflix-მა მოიპოვა.
მართა ლუიზასა და დურეკ ვერეტის ურთიერთობის შესახებ 2019 წელს გახდა ცნობილი. თვითაღიარებულმა ამერიკელმა შამანმა მაშინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ თავის რჩეულს ჯერ კიდევ წინა ცხოვრებიდან იცნობს. „შემომრჩა მოგონებები იმის შესახებ, როგორ ვცხოვრობდით ერთად ძველ ეგვიპტეში: ის ჩემი დედოფალი იყო, მე კი მისი ფარაონი“, - განაცხადა მან.
ვერეტი ამტკიცებს, რომ მეექვსე თაობის შამანია და კერძო სეანსებს ატარებს. მის კლიენტებს შორის არიან ჰოლივუდის მსახიობები გვინეტ პელტროუ და ნინა დობრევი. თავის მხრივ, მართა ლუიზა ჯერ კიდევ ქმართან შეხვედრამდე აცხადებდა, რომ ანგელოზებსა და გარდაცვლილებთან აქვს კომუნიკაცია.
წყვილის ურთიერთობა ნორვეგიის საზოგადოებასა და მედიაში კრიტიკას იწვევს. ადგილობრივი ჟურნალისტები პრინცესას და მის რჩეულს სამეფო ტიტულის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ. ქორწილის შემდეგ დურეკ ვერეტი ტიტულებს არ მიიღებს, რადგან ნორვეგიის სამეფო ოჯახი ამას არ ითვალისწინებს.
მართა ლუიზასთვის ეს მეორე ქორწინებაა. პირველად ის ნორვეგიელ მწერალ არი ბენს გაჰყვა ცოლად. წყვილი 2017 წელს დაშორდა. ამ ქორწინებიდან პრინცესას 3 ქალიშვილი ჰყავს.