იენ მაკკელენი: შესაძლოა გენდალფის როლს კიდევ ერთხელ დავუბრუნდე

იენ მაკკელენი: შესაძლოა გენდალფის როლს კიდევ ერთხელ დავუბრუნდე

იენ მაკკელენი ამბობს, რომ შესაძლოა „ბეჭდების მბრძანებლის“ ახალ ფილმებში ჯადოქარი გენდალფის როლი შეასრულოს.

85 წლის მსახიობმა Big Issue-სთან ინტერვიუში განმარტა, რომ ჯონ ტოლკინის ნაწარმოების მიხედვით მომზადებული ახალი პროექტის - „გოლუმზე ნადირობის“ პროდიუსერებს დიდი იმედი აქვთ, რომ ის ცნობილ ჯადოქარს კვლავ განასახიერებს.

„ენთუზიაზმი „ბეჭდების მბრძანებლის“ მიხედვით გადაღებული ფილმების მიმართ არ ნელდება. შესაძლოა გენდალფის როლსაც კი დავუბრუნდე. მეტს ვერაფერს გეტყვით. მითხრეს, რომ მეტი ფილმი იქნება და გენდალფიც გამოჩნდება და იმედი აქვთ, რომ მას ისევ მე ვითამაშებ. როდის? არ ვიცი. როგორია სცენარი? ის ჯერ არ დაწერილა. ასე რომ, სჯობს დაუჩქარონ“, - აღნიშნა მსახიობმა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ წარმოდგენის დროს სცენიდან გადავარდა.

მაკკელენმა შუახმელეთის ყველაზე ცნობილი ჯადოქარის როლი პიტერ ჯექსონის ტრილოგიებში „ბეჭდების მბრძანებელი“ და „ჰობიტი“ შეასრულა. ტოლკინის სამყაროს მიხედვით ახალი ფილმების გადაღების შესახებ სტუდიამ Warner Bros. განაცხადა. ცნობილია, რომ საუბარია 2 სურათზე, რომელთა რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ენდი სერკისი იქნება. სწორედ მან შეასრულა გოლუმის როლი პიტერ ჯექსონის ფილმებში.