კურტ ვოლკერი: „ქართული ოცნება“ ცდილობს ხელისუფლებაში ოპოზიციის დემონიზების გზით დარჩეს - ეს საქართველოს ძალიან შორს წაიყვანს ევროკავშირისგან

კურტ ვოლკერი: „ქართული ოცნება“ ცდილობს ხელისუფლებაში ოპოზიციის დემონიზების გზით დარჩეს - ეს საქართველოს ძალიან შორს წაიყვანს ევროკავშირისგან

როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ცდილობს უზრუნველყოს თავისთვის ხელისუფლებაში დარჩენა ოპოზიციის დემონიზების გზით, აცხადებს რა, რომ მას შეუძლია ამის გაკეთება და კვლავ დარჩენა ევროკავშირის გზაზე. რაც სიმართლე არ არის, ეს საქართველოს ძალიან შორს წაიყვანს ევროკავშირისგან, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა „თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ.

მან ოპოზიციის პროაქტიულობისა და გაერთიანების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათ უნდა წარმოადგინონ ცხადი ალტერნატიული არჩევანი.

„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის მოახლოებული არჩევნები და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს იმდენად თავისუფალი და სამართლიანი რამდენადაც ეს შესაძლებელია და ქართველ ხალხს ჰქონდეს თვითგამოხატვის შესაძლებლობა.

თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ამ სახის [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] კანონი, თუმცა ის არ შეესაბამება ევროკავშირს, არ შეესაბამება შეერთებული შტატების პრაქტიკას, ის არნახულ ზეწოლას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე, რაც დიდი სირცხვილია, მაგრამ ეს არის ის, რაც ქართველმა ხალხმა და მათ მიერ არჩეულმა ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ.

ჩვენ მივდივართ არჩევნებისკენ საქართველოში და ყველა აყალიბებს თავის ნარატივს იმის მიხედვით, როგორ სურთ ამომრჩევლის მიზიდვა, რა სურთ რომ ამომრჩევლებს სჯეროდეთ. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ცდილობს უზრუნველყოს თავისთვის ხელისუფლებაში დარჩენა ოპოზიციის დემონიზების გზით, აცხადებს რა, რომ მას შეუძლია ამის გაკეთება და კვლავ დარჩენა ევროკავშირის გზაზე. რაც სიმართლე არ არის, ეს საქართველოს ძალიან შორს წაიყვანს ევროკავშირისგან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების ქმედება, რომ გაერთიანდნენ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მისცენ ქართველ ამომრჩეველს ცხადი არჩევანი, რათა ამომრჩეველმა გადაწყვიტოს სჯერა თუ არა მას ამ ნარატივს და სურს თუ არა ამ გზით სვლა, თუ სჯერა უფრო მეტად დემოკრატიული და ევროპული მომავლის საქართველოსთვის. ეს არის არჩევანი, რომელიც ოპოზიციონერმა ლიდერებმა უნდა წარმოადგინონ და მათ არ აქვთ ფუფუნება იყვნენ გაყოფილები და ფრაგმენტირებულები, როგორც ახლა არიან“,- განაცხადა ვოლკერმა.

მან არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ოპოზიციური პარტიების კანონგარეშედ ცნობის შესახებ განცხადებაც შეაფასა და ამ ნაბიჯს არადემოკრატიული უწოდა.

„ვიმედოვნებ, რომ ეს კამპანიის ნაწილია, ვიდრე რაღაც, რის შესახებაც ისინი სერიოზულად არიან განწყობილები.

ის პრეზიდენტის ჩართულობასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის სინდისის ხმაა.

„ვფიქრობ, პრეზიდენტმა გასაოცარი სამუშაო ჩაატარა, არის სინდისის ხმა, საუბრობს რა მთლიანად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობს ცოტა მაღლა იყოს ვიდრე ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიაზე საუბარია და საუბრობს ქვეყნის ინტერესებზე. ვფიქრობ, ამ მიმართულებით დიდებული სამუშაო ჩაატარა“,- განაცხადა ვოლკერმა.

მან ნონსენსი უწოდა ნარატივს, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები გლობალური ომის პარტიის ნაწილია და აღნიშნა, რომ საქართველო-ამერიკის ამჟამინდელი ურთიერთობა იმედგამაცრუებელია.

„აბსოლუტური ნონსენსია, რა თქმა უნდა, არა, უხერხული განცხადებაა. ეს პოლიტიკური ნარატივია, რომლის ჩამოყალიბებასაც ცდილობენ, რომ არსებობს „გლობალური ომის პარტია“, ეს აბსოლუტური აბსურდია, არავის არ სურს ეს ომი პუტინის გარდა და თუ ომის დასრულება გსურთ, უთხარით ვლადიმერ პუტინს, შეწყვიტოს ომი. ის ერთადერთია, ვინც ამას იწვევს და აგრძელებს.

ახლა გვაქვს ვითარება, როდესაც საქართველოს ხელისუფლება განმეორებითად თავს ესხმის შეერთებულ შტატებს და დისტანცირდება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობისგან. საკითხის ისე წარმოჩენა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა იღონოს რამე ამასთან დაკავშირებით, სინამდვილეში, ეს საქართველოს ხელისუფლების გასაკეთებელია“, - განაცხადა ვოლკერმა.