საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოთხი ოპოზიციური გაერთიანების საარჩევნო ტაქტიკა შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ტაქტიკა მათ უცხოეთიდან ჰქონდათ ნაკარნახევი. აღნიშნულ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა პასუხად კითხვაზე, იქნებიან თუ არა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთის დამხმარე პარლამენტში და რატომ დაეხმარა „ნაციონალური მოძრაობა“ „გახარია საქართველოს“ და „ლელოს“ ბარიერის გადასალახვაში.
„თქვენ იცით, ტაქტიკა, რომელიც მათ უცხოეთიდან კარნახით ჰქონდათ შემუშავებული, იყო შემდეგი, რომ რაც შეიძლება, ბევრ პარტიას გადაელახა ბარიერი, რომ ამით პროპორციულად „ქართულ ოცნებას“ რაიმე ზიანი მიყენებოდა და არ ჰქონოდა უმრავლესობა. ეს იყო მათი ტაქტიკა და ამიტომაც იდგნენ ისინი და არიან ერთად. ამ ტაქტიკაში ისინი ანაწილებდნენ ხმებს ხელოვნურად ისე ერთმანეთზე, რომ ყველას შესძლებოდა 5%-იანი ბარიერის გადალახვა. მათ შორის, თავის თავს აკლებდნენ, სხვას უმატებდნენ, რომ ასე გაებევრებინათ და გაეზავებინათ არჩევანი.
რაც შეეხება პარლამენტს და ზოგადად, მათ ურთიერთქმედებას, ამ არჩევნებით საბოლოოდ, ეს ოთხი გაერთიანება სხვები ზოგი ბარიერს მიღმა დარჩა, ოფიციალურად გაფორმდა ერთ „ნაციონალურ მოძრაობად“. „ნაცები“ არიან ყველა 26 ოქტომბრის შემდეგ. ამიტომ, რა თქმა უნდა, როცა „ნაცებთან“ გვაქვს ურთიერთობა, შესაბამისად იქნება ჩვენი დამოკიდებულება”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.