პარტიული სიების წარდგენის წესები არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის

პარტიული სიების წარდგენის წესები არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის

საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (26 სექტემბერი).

დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.

სიახლეა ის რომ, არჩევნებში მონაწილე პარტიამ პარტიული სიას წარდგენისას უნდა დაურთოს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი პარტიული კუთვნილების შესახებ. კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილებით ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე განსაზღვრა (დადგენილება №34/2024), რაც ხელს უწყობს პარტიებს გაითვალისწინონ და დროულად მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები პარტიული სიებთან დაკავშირებით.

პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) და განაცხადის შევსების თარიღთან ერთად მითითებული უნდა იყოს, რომ იგი იმ პარტიის წევრია, რომელი პარტიული სიითაცაა წარდგენილი, ან არის უპარტიო, ან თუ დატოვა პარტია პარტიული სიის/კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარმოდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში, ვალდებულია მიუთითოს. თუ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია, განაცხადში უნდა მიუთითოს პარტიის სახელწოდება.

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით თუ აღმოჩნდა, რომ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია ან დარღვეულია ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები.

გარდა აღნიშნულისა, პარტიულ სიას უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ფოტოსურათი. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ

ცნობა საჯაროა და ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობას გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის:

       გვარი, სახელი;

       დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

       სქესი;

       მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);

       საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

       სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);

       თანამდებობა (საქმიანობა).

სააღრიცხვო ბარათში უნდა აღინიშნოს ყოველი კანდიდატის:

       გვარი, სახელი;

       დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

       სქესი;

       მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);

       საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

       სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);

       თანამდებობა (საქმიანობა);

       საქართველოში არანაკლებ 10 წლის ცხოვრების ფაქტი;

       თანხმობა მოცემული პარტიული სიით კენჭისყრაზე;

       ბოლო არჩევნებით საქართველოს პარლამენტის წევრად ყოფნის ფაქტი;

       ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.