13 წელია ერთსა და იმავეს იმეორებენ. ცდილობენ ტყუილში ამყოფონ ქართველი ხალხი, რაც არ გამოსდით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით.
„თავიანთ ქმედებებსა და განცხადებებს ოკუპანტი ქვეყნის განცხადებებზე აგებენ ხოლმე და ყოველთვის ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში შფოთი შემოიტანონ. მათთვის მთავარია, რომ როგორმე ჩვენი საზოგადოება მოატყუონ, „კლიშე“ მიაწებონ ერთადერთ ეროვნულ ხელისუფლებას და ეროვნულ გუნდს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია და ამ ყველაფერს ცდილობენ 2011 წლიდან მოყოლებული. 13 წელია ერთსა და იმავეს იმეორებენ. ცდილობენ ტყუილში ამყოფონ ქართველი ხალხი, რაც არ გამოსდით“, - აღნიშნა გორდულაძემ.
მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის ემზადება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებისთვის ყოფილმა სახელისუფლებო ძალამ პასუხი სამართლებრივად უნდა აგოს.