ძალიან ხშირად ექსტრემისტული ქართული „ენჯეოების“ უკან ჩვენ ვაწყდებით NED-ის ხელშეწყობასა და ძალიან მსუყე დაფინანსებას, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) საქმიანობის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშზე საუბრისას.
„ძალიან ხშირად ექსტრემისტული „ენჯეოების“ უკან ჩვენ ვაწყდებით NED-ის ხელშეწყობასა და ძალიან მსუყე დაფინანსებას. მოვუწოდებდი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, ისევე, როგორც ამ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, თავი შეიკავონ ასეთი ტიპის ორგანიზაციების ხელშეწყობისაგან, რადგან მათი მავნებლობა, ვფიქრობ, ამერიკის მუდმივ ინტერესებში არ შედის. საპირისპიროდ - მის ინტერესებშია სტაბილური და განვითარებული საქართველო.
რაც შეეხება ჩვენს „ვირთაგვა“ „ენჯეოებს“, რომლებიც მსუყედ ფინანსდებიან NED-სგანაც მათ შორის, შეგახსენებთ ISFED და სხვებსაც, რომლებმაც თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მძლავრი დარტყმა მიაყენეს ქართულ დემოკრატიასა და სახელმწიფოს - მოვუწოდებ ჩვენს „ენჯეოებს“, მიბაძონ NED-ს, რომელსაც აქვს უმაღლესი სტანდარტი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების, ასევე ჩააბარონ ქართველ ხალხს ანგარიში, თუ საიდან იღებენ დაფინანსებას და სად მიმართავენ მას“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) საქმიანობაზე. ანგარიშში მიმოხილულია, თუ როგორ მოქმედებს ეს ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების შესაბამისად. სტატიაში საუბარია საქართველოზეც და ნათქვამია, რომ NED-მა საქართველოში დააფინანსა 3 არასამთავრობო ორგანიზაცია, რათა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ მოეწყოთ აქციები დედაქალაქში.