მამუკა მდინარაძე 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიებაზე: ისეთივე რუსულია ეს გამოძიება, როგორი რუსულიც იყო „გამჭვირვალობის კანონი“

მამუკა მდინარაძე 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიებაზე: ისეთივე რუსულია ეს გამოძიება, როგორი რუსულიც იყო „გამჭვირვალობის კანონი“

ყველაზე პრიმიტიული პიარ კამპანია იმაში მდგომარეობს, რაც არ მოსწონთ, ყველაფერს რუსულს ეძახიან. ისეთივე რუსულია ეს გამოძიება, როგორი რუსულიც იყო „გამჭვირვალობის კანონი“. ზუსტად ეს არის, ერთი ერთში, იმიტომ, რომ მათ რაც არ მოსწონთ, რაც აზიანებთ, ააშკარავებთ, ყველაფერი მათთვის რუსულია,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც აგვისტოს ომის გამოძიებას რუსულ საქმედ აფასებენ.

როგორც მდინარაძემ საუბრისას აღნიშნა, დღეს რუსებმა და „ნაცებმა“, რაც უნდათ ის იძახონ, ჰააგაც და სტრასბურგიც ჩავლილია საქართველოს და ქართველი სამხედროების სასარგებლოდ. მისივე თქმით, ამ საქმეს სახელმწიფო მაინც გამოიძიებს.

„რაც შეეხება იმას თუ რა არის რუსული და რა არის ქვეყნისთვის დამაზიანებელი. სამშობლოს ღალატის მუხლი თვეებით ადრე მათ ამოიღეს კანონიდან, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი მათ აღადგინეს, საზღვრები მათ დაადგინეს, კოდორი და ზემო აფხაზეთის თემაც გვახსოვს. ამის შემდეგ, მთელ მსოფლიოს აჩვენეს აქედან იქით დაბომბვის კადრები 7-ში, ამის შემდეგ ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება და კასეტური ბომბებით ცხინვალის დაბომბვა. ამის შემდეგ ტალიავინის დასკვნას დაეთანხმნენ და დღეს ლაპარაკობენ, რომ სხვისი ნაკეთები რამე საქმეა რუსული და ამ ყველაფრის გამოძიება არის თურმე რუსული. ანუ, მათ შეუძლიათ ღალატი ჩაიდინონ, ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალონ და დაადანაშაულონ და ამაზე ხელი მოუწერონ, კასეტური ბომბებით დაბომბვაში დაადანაშაულონ, ამის შემდეგ ხელი მოაწერონ ამ რეზოლუციას, სადაც მე-11 პუნქტში ეწერა, რომ შესაძლოა ომის დანაშაული ჰქონდათ ქართველ სამხედროებს ჩადენილი - აი, ეს ღალატი ჩაიდინონ და მერე სხვას ეძახონ რუსული საქმის მკეთებელი, იმიტომ, რომ თურმე რუსები იქ რაღაცას თავისთვის ლაპარაკობენ და იყენებენ გაეროში რაღაცას. ანუ, შენ შეგიძლია ღალატი ჩაიდინო და თუ ღალატის გამოძიებაზე ვინმე კრინტს დაძრავს, ეს რუსული საქმეა. მაგრამ ამავე დროს, მეორე ფაქტორიც არის აქ. ჩვენ სტრასბურგიც მოვიგეთ და ჰააგაც მოვიგეთ. და კრინტი არ დაგვიძრავს მაგალითად მე-11 პუნქტზე, სადაც ეწერა, რომ შესაძლო ომის დანაშაული თავად ქართველმა სამხედროებმა ჩაიდინესო. ამაზე ხმა არ ამოგვიღია. დღეს რუსებმა და „ნაცებმა“, რაც უნდათ ის იძახონ, ჰააგაც ჩავლილია და სტრასბურგიც ჩავლილია ჩვენს სასარგებლოდ - საქართველოს და ქართველი სამხედროების სასარგებლოდ. ახლა ამათმა ილაპარაკონ, რაც უნდათ. ამ საქმეს მაინც გამოიძიებს სახელმწიფო.“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.