ქალბატონი სალომე გასულია მომსახურების სფეროდან. ვეღარც ფიქრობს სწორად, ვეღარც ლაპარაკობს სწორად, - ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც გუშინ ოლიმპიელების დაჯილდოებაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელებისთვის სახალხო ზეიმის მოწყობას სექტემბერში გეგმავს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, პრეზიდენტი დაარწმუნეს იმაში, რომ მას მართლაც დიდი რეიტინგი აქვს.
„მთელი საკითხებია, რაც უბრალოდ კომენტარის მიღმა უნდა დავტოვოთ ალბათ, იმდენად არასერიოზული ხდება ეს ყველაფერი. უბრალოდ მეუხერხულება კიდევაც, ქალბატონია, რომელსაც უკვე იმდენი შეცდომა მოსდის, რომ მე მგონი მართლა დაარწმუნეს ის, რომ დიდი რეიტინგი აქვს. ნამდვილი კვლევა აჩვენონ, თავისთვის რომ აქვთ, ოფისებში და შეიძლება ცოტა თავი შეიკავოს ასეთი კომენტარების გაკეთებისგან“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ოლიმპიელების დახვედრის ცერემონია გუშინ, ცერემონიების სასახლეში გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ახლა ოლიმპიელების დაჯილდოების წინააღმდეგია და განმარტა, რომ ოლიმპიელების წარმატებები ყველამ ერთად უნდა იზეიმოს და სახალხო ზეიმის მოწყობას სექტემბერში აპირებს.