ჰოლივუდის ყველაზე სიმპათიურ მამაკაცებად მრავალჯერ დასახელებული ჯორჯ კლუნი და ბრედ პიტი ჟურნალ GQ-ს სექტემბრის გარეკანზე მოხვდნენ. ჟურნალთან ინტერვიუში მსახიობებმა ერთმანეთზე, მრავალწლიან მეგობრობასა და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს.
"უკვე დიდი ხანია, რაც ვმეგობრობთ. ერთმანეთს ხშირად ვიკითხავთ, რაც ამხელა მეგობრობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ნაწილია. ხანდახან ცხოვრება რთულდება და უნდა დარწმუნდე, რომ ყველა კარგადაა," — თქვა 63 წლის კლუნიმ.
60 წლის ბრედ პიტმა მეგობარზე საუბრისას აღნიშნა, რომ კლუნი "ძალიან გამგებია, ცხოვრებას ჭადრაკის დაფად აღიქვამს და პოტენციურ მოძრაობებს განიხილავს ხოლმე." პიტის თქმით, ცხოვრებისეული დაბრკოლებების წინაშე როცა დგება, ჯორჯს ხშირად ურეკავს რჩევის მისაღებად.
"ჯორჯი ისეთ რაღაცებსაც იგებს, რასაც სხვები უბრალოდ ვერ ხვდებიან, ამიტომ მასთან საუბრისას ყველაფრის ახსნა არ მჭირდება. ეს ძალიან კომფორტულია, რადგან სწორედ ზეწოლებისა და ბრძოლებისგან წარმოიქმნება ჩვენი ურთიერთობის მსგავსი პატარა ტომი. ჯორჯს 90-იანებიდან ვიცნობ და ამ დროის განმავლობაში ერთად უამრავი ცხოვრებისეული გადახვევა გამოვიარეთ" — მოუყვა GQ-ს ბრედ პიტმა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, ყოფილ ცოლთან, მსახიობ ანჯელინა ჯოლისთან სასამართლო დავას აწარმოებს.
"ვიცი, რომ ის ზურგს მიმაგრებს. მეც ყოველთვის მის გვერდით ვიქნები," — ბრედ პიტი.
"ჰოლივუდის საუკეთესო მეგობრებად" მონათლული წყვილი ერთად არაერთ ფილმში გამოჩენილა. მათი საერთო ფილმებიდან ყველაზე გამორჩეული ოუშენის თერთმეტი მეგობრის სამნაწილიანი საგაა, რომელსაც 2001-დან 2007 წლამდე იღებდნენ. Confessions of A Dangerous Mind და Burn After Reading-ის შემდეგ კი, მათი მომავალი საერთო ფილმი რეჟისორ ჯონ უოტსის ნამუშევარი Wolfs იქნება, რომელიც დიდ ეკრანებზე 20 სექტემბერს გამოვა.