პოპმუსიკის ერთ-ერთმა ყველაზე პატივსაცემმა ლეგენდამ, სელინ დიონმა, დონალდ ტრამპი მისი სიმღერების უნებართვოდ გამოყენებაში ამხილა და ოფიციალურ განცხადებაში მუსიკალურ გემოვნებაზეც გაეხუმრა.
ტრამპი ფართომასშტაბიან საპრეზიდენტო კამპანიას აწარმოებს და ამერიკის სხვადასხვა ქალაქში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. 2023 და 2024 წლებში ასეთ რამდენიმე შეხვედრაზე დიონის ცნობილი სიმღერა, My Heart Will Go On გაისმა. მომღერლის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამის შესახებ მან და მისმა მენეჯმენტის გუნდმა ახლახან შეიტყვეს, კონკრეტულად კი მაშინ, როცა მონტანას შტატში ჩატარებულ აქციაზე ტიტანიკის ცნობილი საუნდტრეკი კვლავ ჩაირთო.
"დღეს სელინ დიონის მენეჯმენტის გუნდმა და მისმა ჩამწერმა ლეიბლმა Sony Music Entertainment Canada Inc. შეიტყვეს, რომ სელინ დიონის სიმღერა, My Heart Will Go On დონალდ ტრამპისა და ჯეიდი ვენსის საკამპანიო აქციაზე უნებართვოდ გამოიყენეს," — წერს მომღერალი ინსტაგრამსა და X-ზე. "ეს ქმედება არანაირად არის კანონიერი და სელინ დიონი არ უჭერს მხარს მისი მუსიკის ამ და მსგავსი დანიშნულებით გამოყენებას...და, სერიოზულად, რაღა ეს სიმღერა?"
აღსანიშნავია, რომ პოპმუსიკა კამალა ჰარისმაც გამოიყენა თავის კამპანიაში — ბიონსეს Freedom. თუმცა, დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატმა მუსიკოსისგან ოფიციალური ნებართვა აიღო.