ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი ამბობს, რომ დაავადების გამო გადაადგილება უჭირს, ამიტომ, მოუწევს, საქმიანობა სახლიდან გააგრძელოს.
ჟურნალ Sight and Sound-თან ინტერვიუში 78 წლის კინოხელოვანმა გაამხილა, რომ ფილტვის ემფიზემის დიაგნოზი დაუსვეს, რაც მოწევას უკავშირდება.
"დიდი ხნის განმავლობაში ვეწეოდი და ახლა ემფიზემა მაქვს, ასე რომ, სახლიდან ვეღარ გავდივარ, მომწონს თუ არა ეს. მხოლოდ მოკლე მანძილის გავლა შემიძლია, სანამ სული შემეხუთება", — აღნიშნავს ლინჩი, — "კოვიდის გამო, ჩემი ავად გახდომა, თუნდაც გაციება, არ ივარგებს. ასე რომ, ალბათ სახლიდან გავაგრძელებ საქმიანობას. ეს დიდად არ მომეწონება, მირჩევნია, ადგილზე ვიყო და იქ ვიფიქრო. თუმცა, საქმე საქმეზე თუ მიდგება, ვეცდები, ფილმი დისტანციურად გადავიღო".
ლინჩის ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რეჟისორს მოუწია, დაეზუსტებინა, რომ კარიერას არ ასრულებს.
"უკვე ორი წელია, აღარ ვეწევი", — დაწერა ლინჩმა X-ზე, — "ბოლო დროს გამოკვლევებიც ჩავიტარე და აღმოჩნდა, რომ ემფიზემის ქონის კვალობაზე შესანიშნავ ფორმაში ვარ. სიხარულით სავსე ვარ, კარიერას კი არასდროს დავასრულებ. ძალიან ვაფასებ, რომ ჩემზე წუხხართ".
დევიდ ლინჩის ამ დროისთვის ბოლო ნამუშევარი სერიალ Twin Peaks-ის მესამე სეზონია, რომელიც 2017 წელს გამოვიდა. რეჟისორის ბოლო სრულმეტრაჟიანი ფილმი კი 2006 წელს გამოსული ფსიქოლოგიური თრილერი Inland Empire გახლავთ. ამასთან, გავრცელებული ცნობით, 2020 წლის შემდეგ ლინჩი ნეტფლიქსისთვის მუშაობს 13-ეპიზოდიან სერიალზეც.
თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო რეჟისორად მიჩნეული ლინჩის კარიერული წარმატება არაერთი პრიზით აღინიშნა, მათ შორის, ვენეციის კინოფესტივალის ოქროს ლომით 2006 წელს და ამერიკული კინოაკადემიის საპატიო ჯილდოთი 2019 წელს.