ჩვენ შეგვიძლია ზოგადი გამოცდილებიდან ვიმსჯელოთ, თუ რისი გამკეთებელი და რაზე წამსვლელია „ნაციონალური მოძრაობა“ - გამოძიება გვაჩვენებს რა იქნება შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მან სუს-ის გამოძიების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას ძალაუფლება სჭირდება უცხოური დაკვეთის შესასრულებლად და ყველაფერზე არიან წამსვლელები.
„საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში ზის ადამიანი, რომელიც რძის პროდუქტების კონტეინერით შემოაპარა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა. ამაზე მეტი სირცხვილი და ღალატი არსებობს, რომ არჩევნებამდე ორი დღით ადრე უცხო ქვეყნის სპეცსამსახური გაპარებს ქვეყანაში რომ სიტუაცია არიო?! ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციის არსი. როცა ხარ მართული, მაშინ ყველაფერზე ხარ წამსვლელი, მათ ისეთ ვალდებულებებზე აქვთ ხელი მოწერილი. ნახეთ მათ შორის ზურაბიშვილის განცხადება, მათ სჭირდებათ ძალაუფლება უცხოური დაკვეთის შესასრულებლად. პირდაპირ აცხადებენ, რომ მოდიან არა იმისთვის, რომ რამე სასარგებლო გააკეთონ, საუბრობენ ტექნიკურ მთავრობაზე და ასეთ აჯაფსანდალზე. მათ ხელისუფლება კი არა, ძალაუფლება უნდათ, რომ შეასრულონ ის დაკვეთები, რომელსაც მიიღებენ უცხოეთიდან და სადაც ბოლო ორწელიწადნახევარი წიხლით გვექაჩებოდნენ, რომ ომში შეეთრიათ ეს ქვეყანა ყველანაირი მეთოდით, მათ შორის ქსენოფობიური კამპანიის ატეხით. ასე რომ გამოძიება გვაჩვენებს რა იქნება შედეგები. ქურდს ქუდი ეწვის და სურთ, რომ გააუბრალოონ ის ღალატი, რაშიც ისინი ჩაფლულები არიან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.