სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევა, ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის, ახალი არ არის. მე მას მოვუწოდებდი, რომ კარგად დააკვირდეს ოლიმპიადას და მიხვდება, რომ ზედაბალი წონები არასდროს ერკინებიან ზემაღალ წონებს. ეს ოლიმპიადის თამაშის წესებით აკრძალულია, ანალოგიურად ხდება პოლიტიკაშიც. ზედაბალი რეიტინგის და წონის მქონე პოლიტიკოსი ვერასოდეს ვერც გამოიწვევს და არც შედგება ასეთი ტიპის დებატები ძალიან გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსთან და საზოგადო მოღვაწესთან, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევის შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.
ბექა ოდიშარიას თქმით, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კარიერა გაუგებარი პოლიტიკური და რელიგიური განცხადებებით დაიწყო.
„რაზე უნდა ესაუბროს სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელიც არის მშვიდობის გარანტი, რომელსაც აქვს მართლაც უდიდესი ნდობა, როგორც მხარდამჭერებში, ისე ზოგადად ქართულ საზოგადოებაში. განსხვავებით სალომე ზურაბიშვილისგან, რომელმაც საპრეზიდენტო კარიერა დაიწყო გაუგებარი განცხადებებით რელიგიური მიმართულებით და განცხადებით, რომ საქართველომ დაიწყო ომი რუსეთთან“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.