თამარ კორძაია: არა მგონია, რომ საქართველოს ოპოზიციურ სპექტრს გაუჭირდეს კრიტიკულ მომენტში მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება

თამარ კორძაია: არა მგონია, რომ საქართველოს ოპოზიციურ სპექტრს გაუჭირდეს კრიტიკულ მომენტში მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება

პოლიტიკურმა პარტიებმა ერთი რამ აჩვენეს ცხადად, რომ მათ შეუძლიათ გაერთიანება, რათა საქართველოს ამომრჩევლის მოთხოვნა შეასრულონ და არა მგონია, რომ საქართველოს ოპოზიციურ სპექტრს გაუჭირდეს კრიტიკულ მომენტში მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ პრემიერობის კანდიდატზე შეთანხმება ვერ მოხდება, მგონია, რომ თავად ამ პროცესის მიმართ უნდობლობის გაჩენის საფუძველი შეიძლება გახდეს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

კორძაია დარწმუნებული, რომ ოპოზიციური სპექტრი კონსენსუსის მიღწევას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეძლებს.

„ჩვენ, „ერთიანობის“ წარმომადგენლები უკვე დიდი ხანია დავდივართ რეგიონებში და ჩვენთვის ცალსახა და არაორაზროვანია ის, რომ მოქალაქეების არჩევანია ევროპა და ევროპაში შესვლა, პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მოვიგოთ არჩევნები და აბსოლუტურად, ყოველდღიურად ჩვენ დაუღალავი შრომით მივაღწევთ იმ შედეგს, რომ გავიმარჯვებთ და „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში იქნება. მთავარი და მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ ყველა ნაბიჯი, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები და ბუნებრივია, ჩვენი „ერთიანობა“ ახორციელებს არის ის, რომ შედეგი დავდოთ ოქტომბრის არჩევნებში და მოვუსმინოთ საქართველოს მოქალაქეებს. საქართველოს მოქალაქეების ნებაა ხელისუფლების ცვლილება და 9 ნაბიჯის შესრულებაა იმისათვის, რომ ევროპული პერსპექტივა არ დაგვეკარგოს. ჩვენ ამ 9 ნაბიჯის შესრულებას მოვაწერეთ ხელი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ იმ საწადელს, რაც საქართველოს კონსტიტუციით და მოქალაქეების არჩევანით არის აღიარებული.

სალომე ზურაბიშვილმა ბევრი ილაპარაკა იმ უნდობლობაზე, რაც სუფევს საზოგადოებაში და განსაკუთრებით პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში. ჩემი აზრით, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთი რამ აჩვენეს ცხადად, რომ მათ შეუძლიათ გამსხვილება, გაერთიანება იმისათვის, რომ საქართველოს ამომრჩევლის მოთხოვნა შევასრულოთ და არა მგონია, რომ საქართველოს ოპოზიციურ სპექტრს გაუჭირდეს კრიტიკულ მომენტში მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება, მაგრამ ერთის მხრივ საუბარი იმაზე, რომ ნდობა არ არსებობს პოლიტიკური პარტიების მიმართ და ეს ნდობა უნდა აღვადგინოთ, მაგრამ მეორეს მხრივ, საუბარი იმაზე, რომ ვერ შეთანხმდებიან პრემიერობის კანდიდატზე, მგონია, რომ თავად ამ პროცესის მიმართ უნდობლობის გაჩენის საფუძველი გახდეს. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის გზავნილები საინტერესოა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიციური სპექტრი ნამდვილად შეძლებს კონსენსუსის მიღწევას გამარჯვების შემდეგ და ჯერ მთავარია არჩევნებში გავიმარჯვოთ“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

გარდა ამისა, კორძაიას არ აქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბაშვილის გამოწვევას და დებატებში მონაწილეობას მიიღებს.

„ხომ ვიცით, რომ ივანიშვილი არავის დებატებში არ უჯდება და პასუხებს ივანიშვილი ყველას არჩევნების შემდეგ გასცემს“, - აღნიშნა კორძაიამ.