დანიის მთავრობის ფულადი სახსრებით არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ე.წ. ფესტივალს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა.
„დამნაშავე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა თუ „დემოკრატიის ფესტივალია“ და ეს თუ უნდა ფინანსდებოდეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ფონდებიდან, მაშინ ყველაფერი არეულა ამ ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში. დიდი სიამოვნებით დაველოდები დანიის საელჩოს პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ემსახურებოდა ამ [ფესტივალის] ოპოზიციური აქტივობის დაფინანსება, თუმცა არ გამიკვირდება, თუ პასუხი არ იქნება. არავის გვიკვირს, რომ ხშირად, უცხოური დაფინანსება პირდაპირ მონაწილეობს ქართულ პოლიტიკაში, რაც აკრძალულია და პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიას“, - აღნიშნა წილოსანმა.
საქართველოში დანიის საელჩო ამ დრომდე არ პასუხობს „იმედის“ შეკითხვას, როგორ აღმოჩნდა დანიის მიერ დაფინანსებულ „დემოკრატიის ფესტივალზე“ მსჯავრდებულ სააკაშვილის გათავისუფლების ბანერები და ჰქონდა თუ არა ამაზე საელჩოს რეაგირება.
არასამთავრობო ორგანიზაციამ - „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავში დემოკრატიის სახელით ფესტივალი ჩაატარა, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო. ფესტივალის ორგანიზატორები, რომლებიც დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტიდან ფინანსდებიან, ოპოზიციის პიარით დაკავდნენ.