საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს წლის შემაჯამებელი ფინანსური ანგარიში წარუდგინა. პარლამენტარებთან შეხვედრა გენერალური შტაბში გაიმართა.
თავდაცვის მინისტრმა დეპუტატებს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის.
ანგარიშის წარდგენისას ირაკლი ალასანიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო ზედამხედველობის გაზრდასა და უწყების ფინანსურ გამჭვირვალობაზე. მისი განცხადებით, დეპუტატებს აინტერესებდათ შეძლებს თუ არა თავდაცვის სამინისტრო არსებული ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებას. პარლამენტარების შეკითხვები ასევე, შეეხო გასული საანგარიშო წლის ხარჯებში თანხების ეკონომიასა და მის გადანაწილებას ჯარისკაცების პირობების გაუმჯობესებაზე. „პარლამენტარებმა ყველა შეკითხვაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
როგორც თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის, ასევე დეპუტატების ერთობლივი შეფასებით ძალიან მნიშვნელოვანია ის ტრადიცია, რომელსაც ჩვენ საფუძველი 2013 წელს ჩავუყარეთ. თავდაცვის სამინისტროს მიმართ ნდობის აღდგენაში უწყების ფინანსური ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია. მადლიერი და კმაყოფილი ვარ დეპუტატების, რომლებიც მრავალპარტიულ მხარდაჭერას ყოველთვის უცხადებენ შეიარაღებულ ძალებს“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
2013 წელს საქართველოს კანონში ,,თავდაცვის შესახებ” შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც სამინისტრო ვალდებულია საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგინოს ინფორმაცია განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2,000,000 ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 4,000,000 ლარს აღემატება. ეს ვალდებულება თავდაცვის სამინისტრომ პარლამენტის წინაშე საკუთარი ინიციატივით აიღო.
მიმდინარე წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა შესყიდვების პროცედურების დახვეწა და მაქსიმალური ტრანსპარენტულობის მიღწევა იყო. 2013 წლის განმავლობაში, სულ 1,010 კონტრაქტი გაფორმდა, რომლის საერთო ღირებულებამ 167,826,000 ლარი შეადგინა.
შედეგიანი იყო ელექტრონული ტენდერების ჩატარების სტატისტიკაც. 2013 წლის განმავლობაში, საანგარიშო პერიოდამდე 259 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების გამჭვირვალობამ მაღალი კონკურენტუნარიანი გარემო შექმნა, რის შედეგადაც თავდაცვის სამინისტრომ 6,556,145 ლარის საბიუჯეტო სახსრების ეკონომია მიიღო. აკუმულირებული თანხის თითქმის 100 % ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩაიდო.