2014 წლიდან ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი დამოუკიდებლად იარსებებს (ვიდეო)

2014 წლიდან ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი დამოუკიდებლად იარსებებს (ვიდეო)

ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი დამოუკიდებელ სტრუქტურად თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით ჩამოყალიბდა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოს 67 000-მდე, სხვადასხვა უწყების ვეტერანი ჰყავს, მათ კონკრეტული პატრონი სჭირდებათ: „გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ.

ჩამოყალიბებულია ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი, რომელიც 2014 წლის იანვრიდან დამოუკიდებლად იმუშავებს. მათ ბიუჯეტზე პასუხისმგებელი იქნება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი. დეპარტამენტმა უნდა შექმნას, აწარმოოს და განახორციელოს ვეტერანთა პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში. ამ მიზნით შეიქმნა ვეტერანთა საქმეების დამოუკიდებელი დეპარტამენტი და მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ ის ადამიანები დასაქმდებიან, ვინც ვეტერანთა დაცვას შეძლებენ“, -განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს კავშირს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტთან, ირაკლი ალასანიას თქმით, თავდაცვის სამინისტრო ვეტერანთა ინტერესების მხარდამჭერი და დამცველი იქნება. მოქმედი სამხედროებისგან განსხვავებით, ვეტერანების საკითხებზე პასუხისმგებლობას აიღებს არა თავდაცვის სამინისტრო, არამედ, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი.