2025 წლის ევროვიზიისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ტრადიციისამებრ, კონკურსს მერმისს წლევანდელი გამარჯვებული ქვეყანა, შვეიცარია, უმასპინძლებს. აგვისტოში გავიგებთ, რომელ ქალაქში ჩატარდება ფესტივალი: ბაზელში თუ ჟენევაში.
თუმცა, მასპინძელი ქალაქის გაგებამდეც უკვე ბევრი ფიქრობს, ვინ შეიძლება წარადგინოს მათი ქვეყანა ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსზე. გაერთიანებულ სამეფოში ბუქმეიკერულმა კომპანია Betfair-მა ახლახან გამოკითხვა ჩაატარა — ვინ სურთ ბრიტანელებს 2025 წლის ევროვიზიაზე ქვეყნის წარმომადგენლად.
გამოკითხვაში ხმების 34 პროცენტით, არც მეტი, არც ნაკლები, ადელი ლიდერობს. თუმცა, საქმე ისაა, რომ ინგლისელმა მუსიკოსმა სულ ახლახან დააანონსა დიდხნიანი პაუზის აღება. ასე რომ, ნაკლებსავარაუდოა, ბრიტანეთის სახელით მომავალ ევროვიზიაზე ადელი ვიხილოთ.
არარეალისტურია გამოკითხვის მეორეადგილოსნის კანდიდატურაც — ელტონ ჯონმა შარშან ზაფხულს საშემსრულებლო კარიერა ბოლო საკონცერტო ტურნესთან ერთად დაასრულა. აი, რაც შეეხება მესამე ადგილს, გამოკითხვაში ეს პოზიცია პოპვარსკვლავ ჰარი სტაილსს ხვდა წილად. ათეულში ასევე მოხვდნენ კეიტ ბუში, ჯეიმს ბლანტი და ენი ლენოქსი.
აღსანიშნავია, რომ ევროვიზიაზე ყველაზე სასურველ წარმომადგენლად ბრიტანელები გასულ წლებშიც ადელს ასახელებდნენ. კონკურსის მიმომხილველმა გამოცემებმა ვრცელი ბლოგებიც მიუძღვნეს იმის მტკიცებას, რატომ უნდა წარადგინოს ევროფესტივალზე გაერთიანებული სამეფო სწორედ ადელმა.
ადელი კი ხანგრძლივი პაუზის აღებას აპირებს, მაგრამ ევროვიზიაზე გაერთიანებული სამეფოს სახელით მსოფლიო ვარსკვლავის ხილვა ნამდვილად არ უნდა გაგვიკვირდეს; ქვეყანა წინა ათწლეულში ისეთმა ლეგენდარულმა მომღერლებმა წარადგინეს, როგორებიც ენგელბერტ ჰამპერდინკი და ბონი ტაილერი არიან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ათეულში მოხვედრა ვერც ერთმა ვერ შეძლო.
ბოლო წლების განმავლობაში გაერთიანებული სამეფო ევროვიზიაზე წარუმატებელი შედეგებით გამოირჩევა — 2022-ის გამოკლებით, როცა სემ რაიდერმა ქვეყანას 1998 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგი, მე-2 ადგილი მოუტანა. წელს ბრიტანეთი ევროფესტივალზე პოპულარულ ჯგუფ Years & Years-ის ვოკალისტმა, ოლი ალექსანდერმა, წარადგინა, მაგრამ კონკურსის ფინალში მხოლოდ მე-18 ადგილს დასჯერდა. მეტიც, ალექსანდერმა ტელემაყურებლისგან 0 ქულა მიიღო.
სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, 1974 წლის ევროვიზიის გამარჯვებული ლეგენდარული შვედური პოპჯგუფის, ABBA-ის, წევრებმა განაცხადეს, რომ ბრიტანეთისთვის საევროვიზიო სიმღერის დაწერაზე იფიქრებდნენ, თუკი მას დუა ლიპა შეასრულებს.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს საზოგადოებრივ მაუწყებელს 2025 წლის ევროვიზიაზე მონაწილეობა ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. წლევანდელ კონკურსზე ქვეყანა ნუცა ბუზალაძემ წარადგინა და 2016 წლის შემდეგ პირველად, საქართველომ ევროვიზიის ფინალში გადასვლა შეძლო, საბოლოოდ კი, 21-ე ადგილი დაიკავა.