რადგან ოპოზიციამ ახალი ნარატივები წარმოგვიდგინა, რომ თუ ცალ ფეხზე არ ვიხტუნავებთ დასავლეთთან შიმშილით დავიხოცებით, როგორც დაგპირდით წარმოვადგენ ეკონომიკური განვითარების შედარებით ანალიზს რეგიონის ქვეყნებთან და ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებაში, ბოლო 4 წლის და მომავალი წლების საპროგნოზო მაჩვენებლებით, - ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, მიმდინარე წლის ზრდის მახასიათებელი ნიშანია ადგილობრივი წარმოების გაზრდილი წილი მშპ-ში. ცუცქირიძე ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რეგიონში საქართველოს აქვს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა.
გარდა ამისა, ეკონომისტი საუბრობს იმაზეც, რომ ბალტიის ქვეყნებში რუსეთის ბაზარზე აგროპროდუქციის, კვების მრეწველობის და ღვინის გაზრდილ ექსპორტის ფონზე, ამ ქვეყნების წარმომადგენელი ევროდეპუტატები საქართველოს მუდმივად ამუნათებდნენ რუსეთისთვის სანქციების არდაწესების გამო, რასაც ოპოზიცია მხარს უბამდა.
"რადგან ოპოზიციამ ახალი ნარატივები წარმოგვიდგინა, რომ თუ ცალ ფეხზე არ ვიხტუნავებთ დასავლეთთან შიმშილით დავიხოცებით, როგორც დაგპირდით წარმოვადგენ ეკონომიკური განვითარების შედარებით ანალიზს რეგიონის ქვეყნებთან და ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებაში, ბოლო 4 წლის და მომავალი წლების საპროგნოზო მაჩვენებლებით.
საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი პოსტკრიზისულ ანუ კოვიდპანდემიური შოკის და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ პერიოდში იყო: 2021 წელს -10.6 %, 2022 წელს-11 %, ხოლო 2023 წელს -7.5 %. სულ 2021 წლიდან 2023 წლის ჩათვლით საშუალო წლიური ზრდა შეადგენდა 9.7 %-ს.
ციფრებში ეკონომიკა 2019 წლიდან გაიზარდა 17.6 მლრდ დოლარიდან 30.54 მლრდ დოლარამდე ანუ 74 %-ით, 2020 წელს კოვიდ პანდემიური შოკისას 6.2 %-იანი ვარდნის მიუხედავად.
2019-2023 წლებში ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობით უნარიანობის პარიტეტის მიხედვით, გაიზარდა 18.2 მლრდ საერთაშორისო დოლარიდან 22. 2 მლრდ დოლარამდე ანუ 22 %-ით.
მშპ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მიხედვით 4, 980 დოლარიდან 6,090 დოლარამდე ანუ 22 %-ით.
2024 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,4%-ით გაიზარდა. ეს იყო ყველაზე ძლიერი ეკონომიკური გაფართოება 2022 წლის მეოთხე კვარტლის შემდეგ, რადგან გამოშვების ზრდა ძირითადად დაჩქარდა სოფლის მეურნეობაში (0.7% vs -8.1% 2023 წლის მეოთხე კვარტალში), წარმოებაში (2.9% vs 0.1%), სამშენებლო სექტორში(10.3% vs 4.1%), წყალმომარაგებაში (3.7% vs -5%), ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობაში (9.6% vs 4%) და უძრავი ქონების საქმიანობა (18.8% vs 9.9%).
2024 წლის მეორე კვარტალში ჩვენ გვექნება სავარაუდოდ 10.7 %-იანი ზრდა, ხოლო წლის პირველ ნახევარში 9.5 %, მიუხედავად აპრილ-მაისში საპროტესტო გამოსვლებისა და საერთაშორისო ზეწოლისა, რომელიც დღემდე გრძელდება. შესაბამისად, წლიური ზრდა იქნება უფრო მაღალი ვიდრე ეს სსფ-ის 5.7 % პროგნოზია, სულ მცირე 8.5 %. შედარებისათვის, 2021-2022 წლებში, როდესაც ჩვენ გვქონდა ორნიშნა ზრდა სსფ-ის თავდაპირველი პროგნოზი 4.5 %-იყო.
მიმდინარე წლის ზრდის მახასიათებელი ნიშანია ადგილობრივი წარმოების გაზრდილი წილი მშპ-ში. თუ გასულ 2016-2022 წლებში ეკონომიკის ზრდას პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განაპირობებდნენ, ეკონომიკა ფაქტობრივად გადაწყობილია სამამულო პროდუქციის კონტრიბუციაში, რაც დიდწილად ბიზნესის მხარდამჭერმა სახელმწიფო პროგრამებმა განაპირობა, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ პლატფორმით ხორციელდება.
შედარებისას, ჯერ განვიხილოთ სიტუაცია ჩვენ რეგიონში.აქვე აღვნიშნავ, რომ თურქეთი, ისევე როგორც სომხეთი და აზერბაიჯანი არ შეერთებიან ან მხოლოდ ნაწილობრივ შეუერთდნენ საერთაშორისო სანქციებს.
თურქეთში ანალოგიურ პერიოდებში მშპ-ს დინამიკა ასეთია: ეკონომიკა 2021 წელს გაიზარდა 11.4%-ით, 2022 წელს 5.5 %-ით, ხოლო 2023 წელს 4,5%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე სუსტი ზრდაა 2020 წლის შემდეგ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიური ზეგავლენა იქონია 2023 წლის თებერვალში თურქეთში ორმა დამანგრეველმა მიწისძვრამ, რაც, სავარაუდოდ, ეკონომიკას $100 მილიარდზე მეტი დაუჯდა. თუმცა, ექსპორტი წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა (-2.7% /9.9%) და იმპორტი გაიზარდა (11.7 %-თ /8.6%).
მშპ 2019-2023 წლებში გაიზარდა 42 %-ით;
მშპ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მიხედვით 12 120 დოლარიდან 14 630 დოლარამდე ანუ 21 %-ით.
თურქეთის ეკონომიკა 2024 წლის პირველ კვარტალში, 2.4%-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წელს პროგნოზით 2.9%-ით გაიზრდება.
აზერბაიჯანის ეკონომიკა 2021 წელს გაიზარდა 5,62 %-ით, 2022 წელს 4.62 %-ით, 2023 წელს მხოლოდ 1,1 პროცენტით, მათ შორის, ნავთობისა და გაზის სექტორის გარეშე გაიზარდა 3,7 პროცენტით, ხოლო ნავთობისა და გაზის სექტორი შემცირდა 1,7 პროცენტით.
მშპ 2019 -2023 წლებში გაიზარდა 45 %-ით;
მშპ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მიხედვით 5356 დოლარიდან 5674 დოლარამდე ანუ 6 %-ით.
აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტი 2024 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებითი 4 პროცენტით გაიზარდა.
2024 წელს პროგნოზით გაიზრდება 4 %-ით, ხოლო 2025 წელს 5 %-ით.
სომხეთის ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იყო 5.8 %, 2022 წელს 12.6 %, 2023 წელს წინა წელთან შედარებით 8,7%-მდე შემცირდა.
სომხეთში მთლიანი შიდა პროდუქტი 9,20 პროცენტით გაიზარდა 2024 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით.
2024 წელს გაიზრდება 9.2 %-ით, ხოლო 2025 წელს 4.8 %-ით.
როგორც ვხედავთ რეგიონში ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა.
ახლა ვნახოთ თუ როგორია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ევრო ზონაში ანუ ქვეყნებში რომლებიც შეუერთდნენ რუსეთი წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს. ეკონომიკური შეკუმშვა ამ ქვეყნებში დიდწილად მაინც დაკავშირებულია საერთაშორისო სანქციების გამო ენერგოკრიზისთან და გაძვირებულ ტარიფებთან, ასევე ნაწილობრივ სასურსათო კრიზისთან და წმინდა საგარეო მოთხოვნის შემცირებასთან.
2021 წელს იყო 5.9 %, 2022 წელს 3.4 %-ით, ხოლო 2023 წელს 0,40 პროცენტამდე შემცირდა.
მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ევრო ზონაში 2024 წლის პირველ კვარტალში 0,40 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2024 წელს სავარაუდოდ გაიზრდება 0.4 %-ით, ხოლო 2025 წელს 1.5 %-ით.
ცალკე გვსურს გამოვყო, ბალტიის ქვეყნები: ესტონეთის ეკონომიკა 2021 წელს გაიზარდა 7.2 %-ით, 2022 წელს შემცირდა 0.5 %-ით, ხოლო 2023 წელს 3%-ით შემცირდა.
წმინდა საგარეო მოთხოვნამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მშპ-ზე, ექსპორტი (-6.9% /3%) უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე იმპორტი (-5.2% /3.2%). იმავდროულად, გაიზარდა სახელმწიფო ხარჯები (0.9% 0.1%-ის წინააღმდეგ). წარმოების მხრივ, გამოშვება შემცირდა ძირითადად ინფორმაციისა და კომუნიკაციის მიმართულებით.
ესტონეთის ეკონომიკა 2024 წლის პირველ კვარტალში 2,4%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ლიტვის ეკონომიკა 1921 - 6 %-ზრდა, 2022 წელი 4.8 %, ხოლო 2023 წელს ვარდნა -0.3 % იყო, პირველი სერიოზული ვარდნა 2009 წლის შემდეგ.
ლიტვის მშპ 2024 წლის პირველ კვარტალში 2,9%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, და აღდგა წინა კვარტალში 0,2%-იანი კლებიდან.
პროგნოზით 2024 წელს მშპ-ს ზრდა 1.08 %-ის ფარგლებში იქნება, ხოლო 2025 წელს 1.04 %-ის ფარგლებშია ნავარაუდები.
ლატვიის ეკონომიკა 2021 წელს 6.7 %, 2022 წელს 3.4 %, ხოლო 2023 წელს ვარდნამ -0.3% შეადგინა, რაც პირველი შეკუმშვა იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში.
ლატვიის ეკონომიკა 2024 წლის პირველ კვარტალში მხოლოდ 1%-ით გაფართოვდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განსხვავებით წინა პერიოდის 0,5%-იანი კლების შემდეგ.
2024 წელს პროგნოზით ზრდა იქნება 1 %, ხოლო 2025 წელს 2.5 %-ს ფარგლებში.
აქვე მსურს აღვნიშნო, რომ ბალტიის ქვეყნებში წარმოების მხრივ, გამომუშავება გაიზარდა ძირითადად სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის და თევზჭერის მიმართულებით და ეს აღდგენა რუსეთის ბაზარზე აგროპროდუქციის, კვების მრეწველობის და ღვინო მასალების გაზრდილ ექსპორტს უკავშირდება, ისევ როგორც ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებში.
ჩვენ მათი ევროდეპუტატები რომ მუდმივად გვამუნათებდნენ შევერთებოდით საერთაშორისო სანქციებს და რასაც აქაური ოპოზიცია მხარს უბამდა, თუ რატომ არ გავწყვიტეთ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან მთლიანად, შედეგები სახეზეა. საგარეო ვაჭრობის მთლიანი გაწყვეტით ჩვენ გაცილებით მძიმე შედეგებს მივიღებდით, ვიდრე ევროზონის ქვეყნები, შედარებით ნაკლები ალტერნატივის გამო.
და ბოლოს, საქართველო სანქციებს შეუერთდა პრაქტიკულად ყველა იმ მიმართულებით, რომლებიც ტექნოლოგიურ ნაწილს და სამხედრო მრეწველობაში გამოყენებად კომპონენტებს ეხება. ისიც გვახსოვს ოპოზიცია ევროდეპუტატებთან ერთად "შავ ხვრელებს" რომ ეძებდა და ო'ბრაიანის ცივი შხაპიც." - წერს გიორგი ცუცქირიძე.