კახა კალაძის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა. საქმე „ტვ პირველზე”, მაია მამულაშვილის გადაცემით გავრცელებულ ინფორმაციას ეხება, თითქოს, თბილისის მერმა ერთი ტენდერიდან 60 მილიონი აიღო.
კალაძის ადვოკატი ტელეკომპანია პირველის და მაია მამულაშვილის მხრიდან სიცრუის აღიარებას და ბოდიშის მოხდას, ასევე მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 15 ათასი ლარის გადახდას ითხოვს.
„მაია მამულაშვილის გადაცემაში მაშინ გადიოდა, რომ თითქოს, კახა კალაძემ 60 მილიონი აიღო მხოლოდ ერთი ტენდერიდან და ჩაიდინა კორუფციული კორუფციული გარიგება და ამას დადასტურებულად ამტკიცებდა. სასამართლოს სამივე ინსტანციამ საბოლოო ჯამში დაადგინა, რომ ეს ფაქტი არის ტყუილი, დეზინფორმაცია, ყალბი ცნობების გავრცელებას ჰქონდა ადგილი და ტელეკომპანია „პირველს“ და მაია მამულაშვილს დააკისრა ამ ყალბი ცნობების უარყოფა იმავე საშუალებით, რომლითაც ეს ცნობები იყო საჯაროდ გავრცელებული. და მეორე - მორალური ზიანის სახით დააკისრა 15 ათასი ლარის გადახდა. დღეს ჩვენ დავიწყეთ აღსრულება ამ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების“, - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.