ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული", ხალხს არაფერი ავიწყდება, მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ პრორუსები გახდნენ და გააკეთონ შესაბამისი განცხადებები, ეს ყველაფერი მეტყველებს ორმაგ სტანდარტებზე.
„ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული". თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ პრორუსულ ხელისუფლებად გვაცხადებდნენ იმის გამო, რომ არ დავაწესეთ სანქციები, ვიღებდით რუს ტურისტებს საქართველოში და ა.შ. ახლა რის გამოც გვაცხადებდნენ ჩვენ პრორუსულ ხელისუფლებად, იმას საუბრობენ თავად. საუბრობენ, რომ უნდა ვიყოთ ხელგაშლილი რუსი ტურისტების მიმართ, არ უნდა დავაწესეთ სანქციები რუსეთის მიმართ და ა.შ. დღეს ალბათ ყველამ მოისმინა პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი ამ თემასთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილმა დეტალურად გაიხსენა თითოეული თემა, რომელიც იყო მიმართული იქითკენ, რომ საქართველო გამხდარიყო არამხოლოდ რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანა, არამედ ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, ეს არის განცხადებები, ეს არის არქივი, რომელსაც ვერ გაექცევიან ეს პოლიტიკური ძალები. დღეს ხედავენ ისინი როგორია საზოგადოების განწყობა. საზოგადოება აფასებს იმ მიდგომას, რომელიც ჰქონდა ჩვენს ხელისუფლებას ამ ორი წლის განმავლობაში, რის გამოც ჩვენ ოპოზიციამ და მათმა მეგობრებმა გამოგვაცხადეს პრორუსულ ძალად და ახლა თავად გადაწყვიტეს, რომ პრორუსები გახდნენ და გააკეთონ შესაბამისი განცხადებები. ეს ყველაფერი ერთი - მეტყველებს ორმაგ სტანდარტებზე და მეორე - ისინი გათვლებს აკეთებენ არასწორად, მათ ჰგონიათ, რომ ხალხი მარტივად შეიძლება, ხალხი მოატყუონ და ხალხს შეიძლება, დაავიწყდეს ის, რაც ხდებოდა გასული ორი წლის განმავლობაში. ხალხს არაფერი ავიწყდება, აქედან გამომდინარე, ისინი იმ 30 პროცენტამდე შედეგსაც ვერ მიიღებენ, მე ასე მგონია, რაც დღემდე ჰქონდათ რეიტინგების მიხედვით. რა თქმა უნდა, მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.