საფრანგეთში ჩქაროსნული რკინიგზის ოპერატორი კომპანია SNCF-ი აცხადებს, რომ სარკინიგზო ქსელის წინააღმდეგ ვანდალური აქტები განხორციელდა, რამაც პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე სარკინიგზო სისტემის მუშაობა შეაფერხა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ღამით ერთდროულად რამდენიმე მავნებლური აქტი განხორციელდა, მათ შორის, რკინიგზის ხაზების გასწვრვივ ინსტალაციებისთვის ცეცხლის წაკიდების რამდენიმე შემთხვევა.
როგორც ოპერატორ კომპანიაში აღნიშნავენ, ვანდალური აქტები შეეხო იმ ხაზებს, რომლებიც პარიზს საფრანგეთის დასავლეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებთან აკავშირებს, რამაც სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხა – გაუქმდა სარკინიგზო რეისების ნაწილი, მატარებლების ნაწილი კი გადამისამართდა სხვა მიმართულებებით.
„ეს არის დიდი მასშტაბის თავდასხმა, რომლის მიზანია ქალაქთაშორისი სარკინიგზო ქსელის პარალიზება“, – განუცხადა SNCF-ის წარმომადგენელმა სააგენტო „ფრანს პრესს“.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აღდგენითი სამუშაოები, სულ მცირე, მთელი შაბათი-კვირა გაგრძელდება.
SNCF-ი მოუწოდებს მგზავრებს, გადადონ დაგეგმილი მოგზაურობა.
მომხდარს გამოეხმაურა საფრანგეთის სპორტის მინისტრი ამელი უდეა-კასტერა, რომელმაც ვანდალიზმი დაგმო.
„ეს აბსოლუტურად შემზარავია. ოლიმპიური თამაშების სამიზნეში ამოღება ნიშნავს საფრანგეთის სამიზნეში ამოღებას“, – განაცხადა მან.