არანაირ ნეიტრალობის პრინციპში არ ჯდება, როდესაც დამკვირვებელი ორგანიზაცია ატარებს შეხვედრებს მოსახლეობასთან პარტიებთან ერთად და პოლიტიკურ აგიტაციას ეწევა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივობები, ბოლო პერიოდში, განსაცვიფრებელია, განსაკუთრებით მათი, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ იყვნენ დამკვირვებლები არჩევნების დროს.
„ყველას შევახსენებ, რომ არსებობს ნეიტრალობის ვალდებულება დამკვირვებლის, რაც ეუთო/ ოდირის სტანდარტია. არანაირ ნეიტრალობის პრინციპში არ ჯდება, როდესაც დამკვირვებელი ორგანიზაცია ატარებს შეხვედრებს მოსახლეობასთან პარტიებთან ერთად და პოლიტიკურ აგიტაციას ეწევა, აძლევს პლატფორმას აგიტაციისთვის შერჩეულ პოლიტიკურ პარტიებს. ასევე, თავად არის ჩართული პოლიტიკურ აგიტაციაში და დისკრედიტაციას ახდენს არჩევნების. იმ შეხვედრის ჩანაწერში, რომელიც შემდგომ გავრცელდა, ვნახეთ რაზე იყო საუბარი. იყო ჩვეულებრივი აგიტაცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რაც არის ცხადი დარღვევა ნეიტრალობის პრინციპის. ასევე, იყო უაპელაციო საუბარი არჩევნების მოსალოდნელი გაყალბების შესახებ, რაც არის არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, 2020 წელს საქართველოში არჩევნების გაყალბებაში სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორები იყვნენ ჩართული.
„აქვე, ხალხს შევახსენებ, რომ თუკი ვინმე რაიმეს აყალბებდა არჩევნებში ესენი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. 2020 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნა ყალბი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით, რომელშიც მიუთითეს, რომ ეს იყო ყველაზე არადემოკრატიული არჩევნები, შემდეგი მიზეზების გამო და ჩამოთვლილი ყველა მიზეზი იყო ტყუილი. მათთან ერთად 2020 წელს გაყალბებაში ჩართული იყვნენ მათი დონორებიც. 2020 წლის პარალელური დათვლის დონორი იყო USAID და მოგვიანებით გაირკვა, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელსაც ტირაჟირებდა ISFED-ი იყო მცდარი და USAID-ი ამ ინფორმაციას თითქმის ის 1 თვის განმავლობაში უმალავდა როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ისე ქართველ ხალხს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.