სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს. როგორც „იმედინიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ახალგაზრდები კონტაქტზე თავად გამოვიდნენ. ისინი ოჯახის წევრებს უკვე დაუკავშირდნენ და უსაფრთხოდ არიან.
სვანეთში დაკარგულ ორ ახალგაზრდა მამაკაცს მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. საძიებო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ძალებთან ერთად ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი. დილიდან სამძებრო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო. მუშაობდნენ სამაშველო დრონებიც.
ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მღებრიშვილი. უწყებაში განმარტეს, რომ სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა გუშინ მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ მოხერხდა.