ამ ბანაკში ადამიანების "რიტუალური" მოკვლა ყოველთვის განსაკუთრებული ცინიზმის თანხლებით ხორციელდებოდა და მოკვლის პროცესშიც მათი მხრიდან "ღლიცინსაც" არ გამოვრიცხავ, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის - იმაზე, რომ მსოფლიოში ბევრი მოვლენა „ემთხვევა“ ერთმანეთს, განსაკუთრებული ყურადღებაა მისაქცევი და ამას აკეთებს სუს-ი“.
ქართველიშვილმა აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს ადამიანის განსაკუთრებული ცინიზმით და წამებით განადგურების მრავალი ფაქტი იყო, მაგრამ, არც ერთი "აღშფოთებული შეშფოთება" სახდეპის ბრიფინგებიდან თუ ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან არ გვსმენია. მისივე თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ რასაც სჩადიოდნენ, მათი კურთხევით, მათი ნაქები დემოკრატიისა და "ფასეულობების" ფარგლებში ხდებოდა.
„ამ ბანაკში ადამიანების "რიტუალური" მოკვლა ყოველთვის განსაკუთრებული ცინიზმის თანხლებით ხორციელდებოდა და მოკვლის პროცესშიც მათი მხრიდან "ღლიცინსაც" არ გამოვრიცხავ. არანაირი "დამთხვევა" არ იყო პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის ციხეში მოსაკლავად გაყვანა სწორედ მისი დაბადების დღის საოჯახო სუფრიდან.
არანაირი "შემთხვევა" არ იყო მოკლული ბავშვის, ბუტა რობაქიძის ხელში კალაშნიკოვის ავტომატის ჩადება - არამედ გამოცდილი სცენარის ავტორების მიერ დადგმული "მინიატურა" იყო ეს. ცინიზმის პიკი იქნებოდა ერთ-ერთი მათგანის ავადმყოფურ წარმოსახვებში დაბადებული გეგმა - სწორედ შვილის საფლავზე აეფეთქებინათ ვაზაგაშვილის მამა.
მათ ღლიცინს საზღვარი არ ექნებოდა ალბათ, როდესაც თეატრალურ დადგმად ქცეული პიესის (სახელწოდებით "ციხის ბუნტი") ხორცშესხმისას, საკნებში გამოკეტილ უმწეო და ნაწამებ პატიმრებს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ. ღლიცინით ხვდებოდნენ მართლწესრიგზე (!) პასუხისმგებელი მინისტრის ბრძანებას: "ორი ტრუპი მინდა!" - და სიამოვნებითა და ენთუზიაზმით უსრულებდნენ, რადგანაც "პრემია იქნებოდა დიდი!".
ღლიცინით და ცინიზმით ადევნებდნენ თვალს და კამერაზე იღებდნენ უდანაშაულო გალელი მექანიზატორის გაუპატიურებას წალენჯიხის ტყის ბლინდაჟებში. უღებდნენ - საღამოს, ძილის წინა "დამამშვიდებელი" დოკუმენტური კინოსეანსის ფარგლებში, სააკაშვილისთვის მისატანად. რადგანაც მსგავს კადრებს მიეჩვია და ამის გარეშე ვეღარ იძინებდა.
ადამიანის განსაკუთრებული ცინიზმით და წამებით განადგურების ყველა ფაქტს რა მოიყვანს. მაგრამ, არც ერთი "აღშფოთებული შეშფოთება" სახდეპის ბრიფინგებიდან თუ ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან ჩვენ არ გვსმენია. ერთი მარტივი მიზეზის გამო - რასაც სჩადიოდნენ, მათი კურთხევით, მათი ნაქები დემოკრატიისა და "ფასეულობების" ფარგლებში ხდებოდა.
დღეს საქართველოს ამ ჯოჯოხეთზე გაცხადებული უარის გამო სჯიან. მათ ჩვენს გაუპატიურებულ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად განადგურებულ ძმებზე და დებზე, გაუბედურებულ დედებსა და მამებზე კინოდოკუმენტალისტიკა დააკლდათ. მათ ამ კინოს გაგრძელება უნდათ და მე მათთვის ლიტერატურულ ენაზე პასუხის გაცემის სურვილი აღარ გამაჩნია“, - წერს ქართველიშვილი.