საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს მიმართ გარკვეული ძალების მხრიდან დღეს არის ომში ჩართვის ინტერესი.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვებზე პასუხისას განაცხადა, არ არსებობს სხვა ვერსია, მაშინ რატომ მიმდინარეობს საქართველოს მიმართ უსამართლო კრიტიკა.
„მოდით, საზოგადოებას შევთავაზოთ ასეთი მსჯელობა – როდესცა კრიტიკა აბსოლუტურად უსაფუძვლო და ჰაერიდან მოტანილია, რაღაცაშია საქმე. ერთი ვერსიაა, რასაც „ხალხის ძალა“ ამბობს და ჩვენც ამას ვიმეორებთ, სიმართლეა, რომ არსებობს ამ ქვეყნის ომში ჩართვის ინტერესი გარკვეული ძალების მდხრიდან. თუ ეს ასე არ არის, მაშინ რაშია საქმე. როდესაც არის აბსოლუტურად უსამართლო კრიტიკა, ეს ხომ დღეს არ დაწყებულა, საქართველოს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, იყო უსამართლო დამოკიდებულება, სამი რეზოლუცია, სადაც დემოკრატიის შუქურად კვლავ წარმოდგენილი იყო მიხეილ სააკაშვილი და ნეგატიურ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილი. ეს ყველაფერი ვნახეთ. უსამართლო კრიტიკაც ვნახეთ, როდესაც თავად ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კრიტერიუმებით, ჩვენ ყველაფერში ვიყავით პირველ ადგილზე. დღესაც გვესმის სხვადასხვა მხრიდან კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან უსამართლო კრიტიკა. მეორე მხრივ, ნეიტრალური პოზიციიდან ვთქვათ, არსებობს ვერსია, დავარქვათ ვერსია, რომ ომში ჩართვის ინტერესია. არ არის ასე? მაშინ რა ინტერესია? რა არის უსამართლო კრიტიკის საფუძველი? დამისახელეთ მეორე ვერსია. რადგან ასეთი სხვა ვერსია არ არსებობს, ის ერთი ვერსია არის სწორი, მართალი, სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოს მიმართ დღეს გარკვეული ძალების მხრიდან, ეს არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც ასე ვუწოდებთ ჩვენ, არის ომში ჩართვის ინტერესი. სხვა ვერსია ფიზიკურად არ არსებობს. მაშინ ვინმემ უპასუხოს კითხვას, რატომ აკრიტიკებენ და ექცევიან საქართველოს უსამართლოდ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.