ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთლიანად მსოფლიო არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. აღნიშნული განცხადებით იგი ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა.
„სულ ახლახან, რამდენიმე დღეა, პრაქტიკულად, რაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ სახელმწიფოში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ჰქვია, პრეზიდენტობის კანდიდატთან მიმართებაში განხორციელდა აქტი, რომელსაც ვხედავდით მთელი მსოფლიო საზოგადოება. ამას წინ უძღოდა ასევე რობერტ ფიცოზე განხორციელებული, ასე ვთქვათ, აქტი. ორივე ეს შემთხვევა მიზნად ისახავდა ამ პირების სიკვდილს. ბუნებრივია, ეს ვერ იქნება შემთხვევითი. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთლიანად მსოფლიო არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, რომ საქმე გრიფირებულია, რის გამოც კონკრეტული დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა, სუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.