ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის საკრებულოს წევრი ლაშა რუხაია გამოიკიხთა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, მან ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ერთ-ერთი კითხვა ზურაბ ადეიშვილთან მის ნაცნობობას უკავშირდებოდა.
ლაშა რუხაიამ დაადასტურა ისიც, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი ქართველ მებრძოლებთან მისი კავშირებით დაინტერესდა. ასევე შეკითხვა შეეხებოდა მეგობრობს თუ არა ის მიშა ბატულინთან, რაზედაც მისი განცხადებით, დადებითი პასუხი გასცა.
შეგახსენებთ, რომ საქმე გრიფირებულია, რის გამოც კონკრეტული დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა, სუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.