საუბარი იყო მისი ცხოვრების წესზე, იმაზე, რომ ის უკრაინაში იბრძოდა გარკვეული პერიოდი რუსეთის წინააღმდეგ, ასევე იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სუს-ში გამოკითხული კონსტანტინე ჯღამაიას ადვოკატმა თორნიკე ჩიქოვანმა.
„საქმეს ადევს გრიფი „საიდუმლო“, შინაარსობრივ დეტალებზე მე ვერ ვისაუბრებ. საქმის ირგვლივ საუბარი იყო ბატონი კონსტანტინეს ცხოვრების წესზე, იმაზე, რომ ის უკრაინაში იბრძოდა გარკვეული პერიოდი რუსეთის წინააღმდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებით იყო კითხვები და კონკრეტულად იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით. დანარჩენ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა კონსტანტინე ჯღამაიამ მიაწოდა, მას რა ინფორმაციაც ჰქონდა და გაირკვევა, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს ამ გამოძიებასთან და მან სრულად მისცა ჩვენება“, - განაცხადა თორნიკე ჩიქოვანმა.
თავად კონსტანტინე ჯღამაიამ კი გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ ახსოვს, რა კითხვები დაუსვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
კითხვაზე, ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით მიაწოდა თუ არა ინფორმაცია გამოკითხვაზე, ჯღამაიამ განაცხადა, რომ არავის იცნობს.
„არ ვიცნობ, ხატზე შემიძლია, დავიფიცო. ზუსტად არ მახსოვს, რა შეკითხვები იყო. ტერორიზმზე იყო, მაგრამ გულახდილად გავეცი პასუხი. მე ვარ უბრალოდ, მეომარი, მეტი არაფერი“, - განაცხადა ჯღამაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქმე გრიფირებულია, რის გამოც კონკრეტული დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა, სუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.