ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის პოლიტიკურ ნებას არ ავლენს - იციან, საზღვარგარეთ აგებენ არჩევნებს და აგებენ, სავარაუდოდ, 3:1-ს

ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის პოლიტიკურ ნებას არ ავლენს - იციან, საზღვარგარეთ აგებენ არჩევნებს და აგებენ, სავარაუდოდ, 3:1-ს

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა მარტივია, თუ ამის პოლიტიკური ნება არსებობს. უბრალოდ, ამ პოლიტიკურ ნებას დღევანდელი ხელისუფლება არ ავლენს. იციან საზღვარგარეთ აგებენ არჩევნებს და აგებენ, სავარაუდოდ 3:1-ს - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ დღევანდელი ხელისუფლება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლების გარეშე ტოვებს, აუცილებლად აისახება სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში.

„როგორც იცით, ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელიც გულისხმობს საარჩევნო უბნების გახსნას იმ ქალაქებში, სადაც არის ბევრი ქართველი ემიგრანტია. 90-ზე მეტ ქალაქში გროვდება ხელმოწერები. დაახლოებით 40-მდე ქალაქია, სადაც უკვე შეგროვდა 50-ზე მეტი ხელმოწერა. ისინი გადაგზავნილია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოში. ერთ-ერთი დათვლით, 90-ვე ქალაქში რომ გაიხსნას საარჩევნო უბნები, ჯამში, ცესკო-ს წლევანდელი ბიუჯეტის 0.8% იქნება დანახარჯი. არანაირ განსაკუთრებულ დანახარჯებზე არაა საუბარი. მარტივი გასაკეთებელია თუ ამის პოლიტიკური ნება არსებობს. უბრალოდ, ამ პოლიტიკურ ნებას დღევანდელი ხელისუფლება არ ავლენს, იმის გამო, რომ იციან, საზღვარგარეთ აგებენ არჩევნებს და აგებენ სავარაუდოდ 3:1-ს. ამ ყველა ხელმოწერილ დოკუმენტებს, დღესვე, გადავუგზავნით NDI-ის სადამკვირვებლო მისიას და გავუგზავნით ყველა სადამკვირვებლო მისიას, რომელიც არჩევნებს დააკვირდება საქართველოში.

ის ფაქტი, რომ დღევანდელი ხელისუფლება ასობით ათას საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს არ უმარტივებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას და ტოვებს მათ ხმის მიცემის უფლების გარეშე, ეს აუცილებლად აისახება სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში. მეც მინდა მოვუწოდო ქართველ ემიგრანტებს, 26 ოქტომბერი არის მნიშვნელოვანი არჩევნები, ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება. აუცილებელია 26 ოქტომბერს დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია და მისცეთ ხმა!“- განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, როგორც კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ აღნიშნა, უარი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნაზე არის შიშით განპირობებული.

„ორი დღის წინ, ირაკლი კობახიძემ, პრაქტიკულად, კიდევ ერთხელ უარი თქვა ჩვენი დიასპორისთვის, ქართველი ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნაზე. ეს არის შიშით განპირობებული პოზიცია. „ქართულ ოცნებას“ ეშინია ქართველი ემიგრანტების, ადამიანების, ვინც მათი პოლიტიკის გამო დატოვა საქართველო. ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ ემიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა ხმას აძლევს მის წინააღმდეგ. უკვე თვეებია, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრო, კანონის დარღვევით, უარს გვეუბნება ჩვენც და ქართველ ემიგრანტებსაც სტატისტიკური მონაცემების მოწოდებაზე, სად, რამდენი ადამიანი დგას საკონსულო აღრიცხვაზე. ეს არ არის უბრალოდ სტატისტიკური მონაცემი, ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის ინფორმაცია, სად უნდა მოითხოვონ ემიგრანტებმა უბნების გახსნა. სად უნდა მოვითხოვოთ ჩვენ უბნების გახსნა სწორედ ამ სტატისტიკაზეა დამოკიდებული. საგარეო საქმეთა სამინისტრო არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, როცა არ გვაძლევს საჯარო ინფორმაციას. მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტეთ კანონის დარღვევა! გაეცით პასუხი ქართველ ემიგრანტებს მათ კორესპონდენციებზე! გაგვეცით პასუხი ჩვენ ჩვენს წერილებზე! ყოველდღიურად არღვევთ საქართველოს კანონმდებლობას. აქვე მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ დროულად დაიწყოს საარჩევნო უბნების გახსნის პროცედურა და შეატყობინოს ამის შესახებ იმ ადამიანებს, ვინც უბნების გახსნას ელოდება. მინდა მივმართო ქართველ ემიგრანტებს, მეგობრებო, 26 ოქტომბრის არჩევნებზე თქვენ უნდა თქვათ გადამწყვეტი სიტყვა. თქვენი ყველაზე მეტად ეშინია ივანიშვილის რეჟიმს, რადგან იციან, რომ თქვენ ხმას აძლევთ არა საქართველოს რუსული გავლენის სფეროში დარჩენას, არამედ თქვენ ხმას აძლევთ ამ ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას. თქვენ ხმას აძლევს ამ ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას. ყველა შემთხვევაში, ჩვენ „ახალი, გირჩი, დროა -კოალიცია ცვლილებისთვის“ ვართ თქვენ გვერდით. ბოლომდე ვიბრძოლებთ საარჩევნო უბნების გახსნისთვის. ეს არის პროცესი, რომელიც თქვენთან ერთად თვეებით ადრე დავიწყეთ. ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება იმით, რომ ქართველი ემიგრაციის დიდი ნაწილი მიიღებს მონაწილეობას საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გასამარჯვებლად“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

მერაბ.g ყველა ქვეყანა უცხოეთის საარჩევნო უბნებს ხსნის იქ, სადაც საელჩო, საკონსულოები ფუნქციონირებს; ჩახდილი რაღაც სისულელეებს როშავს - თუ მას ადამიანებზე შესტკივა გული, რატომ არაფერს ამბობს რუსეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებზე?
3 თვის უკან