ოპოზიცია ძალიან დიდ იმედებს ამყარებდა ეკონომიკური ზრდის შეფერხებაზე, ლარის კურსის გაუფასურებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იყო ძალიან მოკლევადიანი რყევა კურსის ნაწილში, რაც ინტენსიურად დაახლოებით 2-3 კვირას გაგრძელდა.
„თუმცა ყველამ ისიც დაინახა, რომ ჩვენ ძალიან მალე მოვახერხეთ ვითარების დასტაბილურება, ლარი დაუბრუნდა იმ ნიშნულს, რა ნიშნულზეც იყო მანამდე, ვიდრე ეს მცირე რყევა დაიწყებოდა. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ჩვენ მაისშიც, აქტიური აქციების ფონზეც კი, გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, პირველი ხუთი თვის მონაცემებით, საშუალო ზრდა არის 9,3%, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ივნისის წინასწარი მონაცემებიც ძალიან კარგია და იმედი გვაქვს, რომ საშუალო მაჩვენებელს კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესებთ ივნისის მონაცემების ხარჯზე. სამომავლოდ, გვაქვს ძალიან სერიოზული პროექტები. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას დამაკავშირებელი ფუნქცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა დიდ ბრიტანეთში გამართულ სამიტზე, რომელშიც მონაწილეობდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საბოლოო ჯამში, სამიტის დასკვნით დოკუმენტშიც გაჩნდა ჩანაწერი საქართველოს განსაკუთრებულ როლსა და ფუნქციასთან დაკავშირებით, ენერგეტიკული დაკავშირებადობის კუთხით.
„ეს, რა თქმა უნდა, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. უამრავი პროექტი ხორციელდება. მათ შორის, ინფრასტრუქტურაში იდება საკმაოდ დიდი ინვესტიციები. მალე დასრულდება ავტომაგისტრალის მშენებლობა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით, გაგრძელდება სხვა პროექტები. ჩვენ გვინდა, დავუკავშირდეთ აზერბაიჯანის საზღვარს, სომხეთის საზღვარს, გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი მონაკვეთები, რაზეც მუშაობა გრძელდება. რკინიგზის მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროექტები, ანაკლიის პროექტი, რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში დაიწყება", - აღნიშნა პრემიერმა.