გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში, რაც ითქვა არაერთხელ, დასრულდება ომი უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ომის რაც შეიძლება მალე დასრულება არა მხოლოდ უკრაინისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ მთლიანად რეგიონისთვის.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი ლოგიკური დასკვნები, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ ინფორმაციასაც ეფუძნება, ომთან დაკავშირებით. გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში, რაც ითქვა არაერთხელ, დასრულდება ომი უკრაინაში. ეს, პირველ რიგში, უკრაინისთვისაა მნიშვნელოვანი, მაგრამ არა მარტო უკრაინისთვის, მთლიანად რეგიონი დამშვიდდება, იმ შემთხვევაში, თუ რაც შეიძლება მალე დასრულდება ომი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ იმაზე, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდება. ჩვენი პროგნოზით, ეს უნდა მოხდეს მაქსიმუმ 1 წელიწადში, თუმცა შესაძლებელია თუნდაც იანვარში დასრულდეს ეს ომი, კონკრეტულ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული ეს ყველაფერი,"- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიჭიროს ღირსეული პოზიცია და დაიცვას ეროვნული ინტერესები.
„რაც შეეხება ხელისუფლების როლს და პოზიციას, ჩვენ უნდა დავიჭიროთ ღირსეული პოზიცია და ბოლომდე დავიცვათ ეროვნული ინტერესები. ზუსტად ეს გავაკეთეთ თავის დროზე, 2022 წელს, როცა იყო ძალიან დიდი ინტერესი მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ეს ინტერესი იყო კონკრეტული ფორმით გამოხატული. მინდა შეგახსენოთ, საჯაროდ რა მოთხოვნებსაც აყენებდნენ „ენჯეოები", რადიკალური ოპოზიცია, არ მინდა ვისაუბრო ვინ რას საუბრობდა დახურულ კარს მიღმა. პირდაპირ, საჯაროდ დააყენეს მაგალითად ორი კონკრეტული მოთხოვნა, ერთი იყო - სანქციების დაწესება. გახსოვთ, თუ რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ სანქციებს არ შევუერთდებოდით. იყო აბსოლუტურად არაჯანსაღი, ანტისახელმწიფოებრივი რეაქცია, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, „ენჯეოების" მხრიდან და მეორე მოთხოვნა, რაც დაგვიყენეს, ეს იყო უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა მთავრობის ოფიციალური თანხმობით. თუ პირველი გადაწყვეტილება ნიშნავდა ეკონომიკის ჩამოქცევას და ესკალაციისკენ ნაბიჯის გადადგმას, რაც საბოლოო ჯამში ისევ მეორე ფრონტამდე მიგვიყვანდა, მეორე მოთხოვნა, რაც იყო მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში, პირდაპირ ნიშნავდა საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. ჯერ იყო შიდა სუბიექტების განცხადებები. მინდა, გაჩვენოთ, საერთო სურათი, რამხელა კოორდინაცია იყო. საერთოდ არ ვიტყვი იმას, რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა, ვინ რას გვეუბნებოდა. ეს დავტოვოთ კონფიდენციალურად. რაც შეეხება გარე ფაქტორს, ერთ მაგალითს მოვიყვან - 24 თებერვალს დაიწყო ომი, ოთხი დღე იყო თებერვალში ეს პროცესები და პირველ მარტს უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის თაობაზე ორი საბაბით: პირველი, ეს იყო სანქციების არდაწესება და მეორე იყო მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნა. აქედან ჩანს, რამდენად დიდი იყო კოორდინაციის მასშტაბი. ეს არ იყო მხოლოდ შიდა სუბიექტების მოთხოვნა, ძალიან დიდი კოორდინაცია შეიკრა საქართველოს წინააღმდეგ, ამაში ჩართეს, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლებაც და იყო პირდაპირი, გამოკვეთილი ინტერესი,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.