სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ძალიან მაღალი პროფესიონალური ხარისხით ახორციელებს თავის უფლებამოსილებას და ეს არ არის პირველი ფაქტი, რომელიც პრევენციულად აღიკვეთა, ვიდრე რაიმე სახის სამართალდარღვევა მოხდებოდა. არაერთი ფაქტია ასეთი, როდესაც სუსმა ძალიან კარგი მუშაობის შედეგად პრევენციულად აღკვეთა ეს ფაქტები, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ძალოვანი სტრუქტურები აბსოლუტურად ყველა მიმართულებით მაქსიმუმს გააკეთებენ, მსგავსი რამ პრევენციულად არ დაუშვან და არ მოხდეს საქართველოში. როგორც ეს სუსის განცხადებიდან ჩანს, იქ იკვეთება კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული პირები, გვარები და სახელები, რომლების ინტერესებშიც და რომელთა დაგეგმვის არეალშიც შესაძლოა მოქცეულიყო ტერაქტი და საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება. ეს რა თქმა უნდა ჩვენ გვაძლევს იმის საუბრის საფუძველს, რომ ეს პროცესი, რომელიც მშვიდობის მოსურნე მსოფლიო ლიდერების წინააღმდეგ არსებობს, გრძელდება.
რა თქმა უნდა საქართველო იმას არ დაუშვებს, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს მსგავსი რამ. ქვეყანა აუცილებლად მშვიდობიანად გააგრძელებს თავის სვლას, ეკონომიკური განვითარებით ევროკავშირისკენ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტების შესახებ გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა.