რა თქმა უნდა, ოპოზიციისთვის „ფეიკი“ და პროპაგანდაა ნებისმიერი პრევენცია, რაც ქვეყანას ტერორიზმისა და არეულობის გამოწვევისგან დაიცავს - სამწუხაროა, რომ რადიკალური, აგრესიული პოლიტიკური მიმდინარეობები მათთვის არასასურველი პოლიტიკური ლიდერებისთვის ამა თუ იმ ფორმით ტყვიის სროლას არ ერიდებიან! - ეს განცხადება მედიასთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
ქადაგიშვილის თქმით, როდესაც სუს-ი ხედავს, რომ გარკვეული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის წინაპირობები არსებობს, ის პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ტერორისტული აქტები აღიკვეთოს. უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით, როდესაც საკმარისი მტკიცებულებები გროვდება და დანაშაული მომზადების ეტაპზე იხსნება, საბოლოო სამართლებრივ მიზნამდე მისვლაც ხდება.
“ეს არ არის ეჭვები. ჩვენ ამ რეალობაში ცხოვრება გვიწევს. ეს საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევის პირველი შემთხვევა არ არის. მიზანი ქვეყანაში მასიური ისტერიის დანერგვა და ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდებაა.
ჩვენ მიხეილ სააკაშვილის და თემურ ალასანიას სატელეფონო საუბარი მოვისმინეთ, როცა ამბობდნენ, რომ უნდა მოიძებნოს კაცი, ვინც ესვრის და შუბლს გაუხვრეტს ანუ საუბარი იყო იგივე სცენარზე, რაც ტრამპის მიმართ განხორციელდა. ასევე, გვახსოვს ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის აღკვეთა. ეს შეკვეთილი მკვლელობა და ტერორისტული აქტი იყო - ტერორისტული თავდასხმის კონტექსტში უნდა ყოფილიყო ის, რომ გიორგი გაბუნიამ პუტინს აგინა, ამის გამო პუტინმა მკვლელობა შეუკვეთა და ქვეყანაში ახალი ისტერია უნდა დაწყებულიყო. ასეთი ორსვლიანი სვლები საკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიო.
ახლა არის კონკრეტული გამოძიება, რომელსაც, ალბათ, კონკრეტული მტკიცებულებები და ოპერატიული მასალა გააჩნია. სამწუხაროა, რომ რადიკალური, აგრესიულ პოლიტიკური მიმდინარეობები ამა თუ იმ ფორმით მათთვის არასასურველი პოლიტიკური ლიდერებისთვის ტყვიის სროლას არ ერიდებიან. ძალიან სამწუხაროა, რომ უკრაინა არის საქართველოს წინააღმდეგ ათასგვარი პროვოკაციის დამგეგმავების არა თუ შემფარებელი, არამედ მათთვის სახელმწიფო იმუნიტეტისა და მაღალი თანამდებობის მიმცემი.
რა თქმა უნდა, ოპოზიციისთვის "ფეიკი" და პროპაგანდაა ნებისმიერი პრევენცია, რაც ქვეყანას ტერორიზმისა და არეულობის გამოწვევისგან დაიცავს - ამ ქვეყნისთვის კი ეს არის მშვიდობის შენარჩუნება და კონკრეტული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
სუს-ის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.
ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა“, - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.