2012 წელს ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში, რომელსაც ჰქონდა ძალიან სუფთა და მყარი წარსული, მათ შორის უამრავი საქველმოქმედო პროექტი ჰქონდა განხორციელებული და ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული ცვლილება. ნეტავ გამოჩნდეს ვინმე ქართულ პოლიტიკაში ასეთივე მყარი და სუფთა წარსულით –განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
„თქვენ ხედავთ როგორია პოლიტიკური სპექტრი. რეალურად ეს არის ისევ „ნაცმოძრაობა“. ეს არის მეორე „ნაცმოძრაობა“, სადაც შედიან გვარამია, მელია, ჯაფარიძე, ხოშტარია. ყველა არის„ნაცმოძრაობა“. პარტიის ყოფილი წევრები არიან და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დღევანდელი წევრები. ეს არის ხაზარაძე, რომელიც რით იყო დაკავებული „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, კარგად მოგეხსენებათ. გაგახსენებთ „კონსტანტას“, „ელიტ–ელექტრონქსის“, „მაგნატის“ და ა.შ. საქმეებს. ერთად იყვნენ ბიზნესების საქმეების დალაგებით დაკავებული. გახარია რა პროცესებში აღმოჩნდა ჩართული ამ პოლიტიკურ ძალასთან ერთად ესეც კარგად დაინახა ქართულმა საზოგადოებამ. ევროპული საქართველო, ესეც „ნაცმოძრაობაა“.
ყველაფერი ტრიალებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო და ამასაც ერთი მიზეზი აქვს. სინამდვილეში ეს ადამიანები ყველა ერთად არიან აგენტურა და მათი პოლიტიკაში შენარჩუნება ხელოვნურად ხდება, ეს არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ ვტრიალებთ ამ ჩაკეტილ წრეზე, რაც ძალიან ცუდია. სწორედ ამიტომ გვინდა ჩვენ მაქსიმალური ლეგიტიმაცია, რაზეც ვსაუბრობდი. ჩვენი ამოცანა არის არა მხოლოდ არჩევნების მოგება, არამედ ჩვენ გვინდა გავარღვიოთ ეს ჩაკეტილი წრე. რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ლიბერალური ფაშიზმის და აგენტურის ჩაკეტილი წრე. ეს წრე თუ არ გაირღვა, საქართველოში სრულფასოვანი პოლიტიკური სისტემა ვერასოდეს ჩამოყალიბდება.როგორც კი ჩამოშორდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, მაშინვე გაჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები პოლიტიკურ სისტემაში.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.