ალეკო ელისაშვილის და მამუკა ხაზარაძის გაერთიანება პრინციპულობის ან ბევრი ფულის ამბავია, პრინციპულობისკენ ვიხრები, მაგრამ არსებობს ხალხი, ვისაც ეჭვი აქვს, რომ ყველაფერი დიდი ფულის გამო ხდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ერთმანეთი იმისთვის სჭირდებათ, რომ პარლამენტს მიღმა არ დარჩნენ.
იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძეც ხვდება, რომ არჩევნებზე მხოლოდ ფულის იმედად წასვლა არ შეიძლება, ხალხიც საჭიროა.
„ორი ვარიანტია, ეს გაერთიანება არის პრინციპულობის ამბავი ან ბევრი ფულის. მე პრინციპულობისკენ უფრო ვიხრები, მაგრამ ხალხი არსებობს, ვისაც ეჭვი აქვს, რომ ეს ყველაფერი დიდი ფულის გამო ხდება. ელისაშვილმა გადაუხადა ხაზარაძეს დიდი ფული – უფრო ნაკლებად დასაჯერებელია. ერთმანეთი იმისთვის სჭირდებათ, რომ პარლამენტს მიღმა არ დარჩნენ. მგონი, ხაზარაძეც ხვდება, რომ არჩევნებზე მხოლოდ ფულის იმედად წასვლა არ შეიძლება, ხალხიც საჭიროა. ამიტომ ცდილობს, რომ პოლიტიკურ ბაზარზე სხვადასხვა ადამიანი შეკრიბოს, რომლებსაც „ლელოში“ შესვლაზე მარტივად დაითანხმებს. პოლიტიკურ კოალიციებს გადახედეთ, ვინ ვისთან არის დაწყვილებული, რაც მათ ერთმანეთის მიმართ შეურაცხყოფა აქვთ მიყენებული, ამასთან ერთი „მევახშე“ და „ხელს არ ჩამოგართმევ“ რა მოსატანია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.