„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსთან მიმართებით ჩატარებულ მოსმენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა ამ მოსმენების ჩატარების დროს, კერძოდ იმას, რომ შტატები პოლიტიკურად კრიზისულ ვითარებაში იმყოფება.
სწორედ ამიტომ, დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, განსაცდელში მყოფი ქვეყნის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით აბსურდული შეფასებების გაკეთებას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. მან იმედი გამოთქვა, რომ ვითარება ამერიკის შეერთებულ შტატებში გაჯანსაღდება, რაც საბოლოოდ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის საშუალებას მოგვცემს.
„აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსთან მიმართებით ჩატარებული მოსმენების შეფასებისას, აუცილებლად უნდა იქნას მიღებული მხედველობაში ის სამწუხარო გარემოება, რა ვითარებაშიც ჩატარდა ეს მოსმენები: ამერიკაში პოლიტიკური სიტუაციის უკიდურესი კრიზისის, უპრეცედენტო საზოგადოებრივო პოლარიზაციის, საარჩევნო კამპანიაში „კუ-კლუქს-კლანის" ტრადიციების რეანიმირებისა და დემოკრატიის დასამარების ფონზე.
ელემენტარული ჰუმანიზმის, ჯანსაღი ორგანიზმის მიერ სნეულის მიმართ გასაჩენი გულისხმიერებისა და ქრისტიანული სათნოების ვალდებულების ფარგლებში, გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმ ბოდვანარევ სისულელეს, რომელსაც ობიექტური შიდა პრობლემებით გამოწვეული მიზეზებით აფრქვევდა გუშინ აშკარად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ამერიკელ ფუნქციონერთა ერთი ნაწილი.
მშვიდობა გვინდა ვუსურვოთ მათ პირადად და ზოგადად, ამერიკის შეერთებულ შტატებს. ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკური და აზროვნებითი გაჯანსაღება მათაც ეწვევა უახლოეს პერიოდში, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის საშუალებას მოგვცემს. რა სავალალო მდგომარეობაშიც იმყოფებიან დღეს ჩვენი პარტნიორები - ამას არანაირი აზრი არა აქვს. დაველოდოთ! ყველაფერი კარგად იქნება!" - წერს დავით ქართველიშვილი.