ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციაში შეცვლილი რიტორიკა გამოწვეულია არჩევნების მოახლოებით, ეს დასტურია, რომ ხელისუფლებამ მძიმე გეოპოლიტიკური ვითარებისას სწორი და გონივრული პოლიტიკა გაატარა

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციაში შეცვლილი რიტორიკა გამოწვეულია არჩევნების მოახლოებით, ეს დასტურია, რომ ხელისუფლებამ მძიმე გეოპოლიტიკური ვითარებისას სწორი და გონივრული პოლიტიკა გაატარა

რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ერთიმეორის მიყოლებით აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის დაკვეთაა თურმე მშვიდობა, ეკონომიკის ზრდა, წინსვლა, ვაჭრობა, ასევე რუსეთიდან ფრენები, რითიც, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამემამულეები სარგებლობენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „რუსეთის მიმართ სანქციების წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის, ვაჭრობასაც ვაპირებთ და ყველაფერს“.

„ამბობენ, რომ ეს არის ქართველი ხალხის შეკვეთაო და ივიწყებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში იყო აგრესია და ზეწოლა ხელისუფლებაზე, თუ ოპოზიციის მხრიდან და თუ გარედან, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოგვეღო ყველა მიმართულებით, რაც არა მხოლოდ ეკონომიკური ვითარების მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევდა, არამედ სერიოზულ პოლიტიკურ და სამხედრო კონფრონტაციას გამოიწვევდა რუსეთის წინააღმდეგ.

მათი შეცვლილი რიტორიკა გამოწვეულია იმით, რომ არჩევნები ახლოვდება და ამომრჩეველთან გზავნილებით უნდა გახვიდე და არა იმ დესტრუქციული მოწოდებებით, რითიც გამოდიოდნენ. ეს არის ფარისევლური ცვლილება პოზიციის. ეს იმის დასტურია, რომ ხელისუფლებამ მძიმე გეოპოლიტიკური ვითარებისას სწორი და გონივრული პოლიტიკა გაატარა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.