ბელა ჰადიდი didas-ის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივრის შესატანად ემზადება. მან ამისთვის ადვოკატები უკვე დაიქირავა, - ამის შესახებ ინფორმაციას TMZ ავრცელებს.
სუპერმოდელი Adidas-ს იმაში ადანაშაულებს, რომ ბრენდმა სარეკლამო კამპანიით იგი მიუნხენის ოლიმპიადაზე მომხდარ 1972 წლის ტრაგედიას დაუკავშირა. სუპერმოდელის თქმით, კამპანია „სასტიკი და დამაზიანებელი“ იყო.
იქამდე, სამოსის გერმანულმა ბრენდმა Adidas თავისი ახალი კამპანიის ერთ-ერთ სახედ ბელა ჰადიდის წარდგენის გამო მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. კომპანიამ მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიადისთვის დამზადებული წითელი სპორტული ფეხსაცმელი ხელახლა გამოუშვა და მის სარეკლამო კამპანიაში მოდელი ბელა ჰადიდიც გადაიღო.
საქმე ისაა, რომ მიუნხენის ოლიმპიადას ტრაგიკული ამბავი უკავშირდება: ღონისძიების მიმდინარეობისას, ოლიმპიურ სოფელში პალესტინელი ტერორისტები შეიჭრნენ და ისრაელის დელეგაციის 11 წევრი, მწვრთნელები და სპორტსმენები, დახოცეს. თავდასხმას ემსხვერპლა გერმანელი პოლიციელიც.
ჰადიდი კი, რომელიც ნახევრად პალესტინელია, ხშირად აკრიტიკებს ისრაელს. რამდენიმე წლის წინ მოდელი ისრაელმა „ებრაული სახელმწიფოს გაქრობის“ მხარდაჭერაშიც კი დაადანაშაულა. ადიდასის ახალ კამპანიაში მის მონაწილეობას კი რამდენიმე ორგანიზაციის, ასევე ისრაელის მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.