„ეს ხალხი ყოველთვის ცდილობს, რომ რაღაც ნიადაგი შექმნას, რაღაც „ფაბლისითი“ აწარმოოს, რომ ხალხი, საზოგადოების აზრი შეაჩვიოს იმას, რომ რაღაც აპოკალიფსური გზით მივდივართ. ტყუილია ხალხო ეს“, - ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ისაუბრა.
ბექა ოდიშარია რადიკალური ოპოზიციის ნარატივს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვება, საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე არ აისახება და გადატვირთვის პოლიტიკა იქამდე ვერ დაიწყება, სანამ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება არ შეიცვლება.
ბექა ოდიშარიას განცხადებით, ოპოზიცია მუდმივად ცდილობს ფუჭი აპოკალიფსური სურათის დახატვას.
„ასე გაჰკიოდნენ, რომ არ გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ვერ მივიღებთ. მივიღებდით რევოლუციას, მაიდანს. სამაგიეროდ, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ რას გვეძახიან - პრორუს ხელისუფლებას? წარმოიდგინეთ, ბატონმა ზელენსკიმ რაც განაცხადა, რომელიმე „ქართული ოცნების“ რიგით ჯარისკაცს, რომ განეცხადებინა, რომ ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ პუტინს და დაველაპარაკოთ ნებისმიერ ფორმატში, რომ შეწყდეს ომის ფაზა. რუსული პარტია და რუსული ძალა მოიკითხონ უკრაინაში. ეს რა განცხადებაა? დანგრეული ქვეყანა, განადგურებული ინფრასტრუქტურა. ათიათასობით გარდაცვლილი ახალგაზრდა ჯარისკაცი, ბავშვი, ქალი, მოხუცი. აღმოჩნდა, რომ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა ორწელიწად-ნახევარი უსწრებდა უკრაინის ნაწარმოებ პოლიტიკას? ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ღმერთის წინაშე ვამბობ. უბრალოდ ეს უნდა დაინახოს ხალხმა.
თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ეს ადამიანები ამ რიტორიკას შეინარჩუნებენ ახლა „ქართულ ოცნებას“ ისე რომ მოჰპარეს მესიჯბოქსი, გამახსენდა 90-იან წლებში ავაზაკები, რომ იპარავდნენ ევროპასა და თბილისში მანქანებს, გადაარტყამდნენ ნომრებს და ჰყიდდნენ ცხინვალის რეგიონში. რუსეთთან თურმე ვაჭრობა შეიძლება ვაშლითა და ღვინით?! ხომ არ გახსენდებათ ღვინის, „ბორჯომისა“ და „ნაბეღლავის“ ბოთლებსა და კასრებში ვინ აპირებდა ფეკალიების ჩაშვებას?! ხომ არ გახსენდებათ სანქციებთან მიერთების საკითხი?
ჩვენი პარტნიორები და ჩვენი მეგობრები ევროპის ქვეყნებიდან, პოლიტიკოსები კულუარებში გვეუბნებიან, რომ თქვენ რამხელა ჭკუა გააკეთეთ, რომ დაიჭირეთ ეს პოზიცია და ნეტავ ჩვენც მოგვებაძა თქვენთვის. იმიტომ, რომ ვერაფერი მივიღეთ. ვერაფერი მიიღეს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.