ბექა ოდიშარია: ვიდრე „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, მე მოსახლეობას ვპირდები, რომ საქართველოში ომი არ იქნება და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ დაკარგულ ტერიტორიებსაც დავაბრუნებთ

ბექა ოდიშარია: ვიდრე „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, მე მოსახლეობას ვპირდები, რომ საქართველოში ომი არ იქნება და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ დაკარგულ ტერიტორიებსაც დავაბრუნებთ

მთავარი არის ის მშვიდობისმყოფელი პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს - ინარჩუნებს მშვიდობას და ეკონომიკას ავითარებს. ხალხი ამას გრძნობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, საქართველოში ომი არ იქნება.

„ვის რაში აინტერესებს იმ ჭადრაკის ყუთში ფიგურების რა რახარუხი იქნება. ადამიანები რომლებიც ტრამპს ლანძღავდნენ, ტრამპისტები გახდნენ. ტრამპმა თქვა - მე თუ მოვალ, ომი ძალიან მალე დამთავრდებაო. ბატონი ბაიდენი ისე მიდის, რომ შეპირებული დახმარებაც კი ვერ მიიღო უკრაინამ. უკრაინაში დემოკრატია არ არსებობს, ყველა მედიასაშუალება ერთ ხელში არის გაერთიანებული, სხვა ყველა დანარჩენი ნაჯახით ჩაჩეხეს. ახლა ჩვენმა პატივცემულმა მარგინალებმა გადაწყვიტეს მოჰპარონ ჩუმად „ქართულ ოცნებას“ მესიჯბოქსი, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ეს ჩვენი მესიჯბოქსი კი არ არის, არამედ ეს ჩვენი გატარებული პოლიტიკაა, რომელიც ადამიანებისთვის ხელშესახებია. ვიდრე „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, მე მოსახლეობას ვპირდები, რომ საქართველოში ომი არ იქნება და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, დაკარგულ ტერიტორიებსაც დავაბრუნებთ“, - აღნიშნა ოდიშარიამ.