ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა! ჩვენ არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას - არჩევნები კარს არის მომდგარი და თუ გიორგი ვაშაძეს რამის შესაძლებლობა და უნარი აქვს, საკუთარ პარტიულ და ელექტორალურ ამოცანებს მოახმაროს! ჩვენ ჩვენს საქმეს როგორმე მივხედავთ! - ასე პასუხობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის მოწოდებას პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ბექა ლილუაშვილი.
როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, მათი მთავარი მიზანი და მესიჯბოქსია, არჩევნებში "ქართული ოცნება" დამარცხდეს ისე, რომ ძალაუფლების ბერკეტები "ნაციონალური მოძრაობას" არ დაუბრუნდეს.
"გიორგი ვაშაძემ თავის ისტორიულ წიაღში დაბრუნება შეირგოს, რითაც პარლამენტში თავისი პარტიის წარმომადგენლებისთვის რამდენიმე დამატებითი ადგილი გაინაღდა და სხვებისათვის მოწოდებების გაკეთებას თავი დაანებოს!
რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ორი წლის წინ დავაფიქსირეთ პოზიცია არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლასთან დაკავშირებით და თუ რამ შეიცვლება, ამას მოსახლეობა პირველი ჩვენგან გაიგებს. ამ ეტაპზე არაფერი შეგვიცვლია!
ჩვენ როგორმე, მოწოდებების გარეშე შევძლებთ ჩვენი თანმიმდევრული გეგმების განხორციელებას.
არჩევნებამდე დარჩენილია სამი თვე და ამ სამ თვეში ზედმეტი ლაილაი რაღაც გაერთიანებებზე, ცენტებზე და გრავიტაციის წერტილებზე ამომრჩეველს საერთოდ არ აინტერესებს. ამომრჩეველს აინტერესებს, როგორ ქვეყანაში მოუწევს მას ცხოვრება მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" დამარცხდება. ჩვენი მთავარი მიზანი და მესიჯბოქსია, რომ არჩევნებში "ქართული ოცნება" დამარცხდეს ისე, რომ ძალაუფლების ბერკეტებს "ნაციონალური მოძრაობა" არ დაუბრუნდეს.
თუ რაიმე შეიცვლება, ამას საზოგადოება ჩვენგან გაიგებს!" - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
გიორგი ვაშაძემ პარტიებს "ლელოს" და "საქართველოსთვის" გაერთიანებისკენ მოუწოდა.
"ბოლო კომპონენტია დარჩენილი, გახარია - "ლელოს". ორივე პოლიტიკურ ჯგუფს გაერთიანებისკენ მოვუწოდებ. გაერთიანდით, ჯერ კიდევ დრო არის. ეს საერთო საქმისთვის კარგი იქნება", - მიმართა ვაშაძემ პარტიებს "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტ-ქალაქში".