შაბათს, დონალდ ტრამპს თავი ოდნავ გვერდით რომ არ შეებრუნებინა, როგორც კი მკვლელი სასხლეტს გამოჰკრავდა, მაშინვე მოკვდებოდა. ისტორიას ამგვარი პატარა მომენტები განსაზღვრავენ. დარწმუნებული ვარ, გსმენიათ პეპლის ეფექტის შესახებ: პეპელას, რომელიც კალიფორნიის სანაპიროზე დაფრინავს, შეუძლია შრი-ლანკაზე ქარიშხალი გამოიწვიოს. სწორედ ეს მოხდა ვიცეპრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატ ჯ.დ. ვანსთან დაკავშირებით.
2016 წლის ივლისში, ჩემი American Conservative-ის ერთ-ერთმა ლიბერალმა მკითხველმა აი, ეს გამომიგზავნა:
„როდ, მე ამ წიგნს ვკითხულობ და თქვენმა დღევანდელმა პოსტმა მაფიქრებინა, რომ იგი თქვენთვისაც საჩუქრად გამომეგზავნა. უკვე 2/3 წავიკითხე და ვფიქრობ, ეს სევდიანი, მშვენიერი, შემაძრწუნებელი და სინათლის მომფენი ამბავია. ბოლომდე წაიკითხეთ“.
მან Hillbilly Elegy-ის („სოფლელის ელეგია“) ქინდლის ვერსია მაჩუქა. ეს არის ვანსის საოცარი მოგონებები იმის შესახებ, თუ როგორ გაიზარდა აპალაჩიის სიღარიბეში. წიგნი გადმოვწერე და საბოლოოდ მის კითხვას ბოსტონში ფრენის დროს შევუდექი. დიდი ზემოქმედება მოახდინა. მე ღარიბ ოჯახში არ გავზრდილვარ, უფრო დაბალი საშუალო კლასის სამხრეთში გავიზარდე. თუმცა, ვიცნობ უამრავ ადამიანს, რომლებიც ჯ.დ.-ს მსგავსი ოჯახიდან არიან წამოსული. ესენი ჩვენი მეზობლები იყვნენ. და მე პირველად ვნახე, რომ ჩვენი ხალხის ისტორია − სოფლელების ისტორია, ერთ-ერთი ჩვენგანის მიერ ასეთი სიყვარულითა და სიმართლით იყო მოთხრობილი.
ბოსტონში ჩემს სასტუმრო ნომერში ყოფნის დროს გავარკვიე, როგორ დავკავშირებოდი ვანსს და ინტერვიუ ვთხოვე. დამთანხმდა. ინტერვიუ, რომელიც The American Conservative-ის ვებსაიტისთვის მოვამზადეთ, ასეთი სახელწოდებით იყო: „ტრამპი: ღარიბი თეთრი ხალხის ტრიბუნა“.
არცერთი ჩვენგანი არ ვყოფილვართ მზად იმისათვის, რაც შემდგომ მოხდა. ინტერვიუ, რომელიც სავსებით ჩვეულებრივი იყო, მეგასისწრაფით გავრცელდა. სერვერები ორჯერ, შესაძლოა სამჯერ გადატვირთეს იმ შაბათ-კვირას. მოულოდნელად, იმავე საარჩევნო წელს, ყველა ეროვნულ მედიას სურდა ვანსის ნამუშევარი. მისი წარმატება უზომოდ გაიზარდა. Hillbilly Elegy-ის სამ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. მის მიხედვით 2020 წელს მხატვრული ფილმიც გადაიღეს, რონ ჰოვარდის რეჟისორობით.
მე და ჯ.დ. მეგობრებად დავრჩით. ორიოდე წლის შემდეგ პოლიტიკაში მოსვლის ინტერესებზე ვისაუბრეთ. რაც ყველაზე მეტად აღელვებდა, იყო ის, თუ რას ფიქრობდა მისი ცოლი − უშა. მე აღფრთოვანებული ვიყავი ახალგაზრდა მამაკაცის ერთგულებით ოჯახისა და ცოლის მიმართ. შემდეგ, 2019 წელს, როცა მან კათოლიკურ ეკლესიაში შესვლა გადაწყვიტა, ღონისძიებაზე დასასწრებად მეც მიმიწვია. წლების განმავლობაში ვრცლად ვსაუბრობდით რწმენაზე. იმედი მქონდა, ჩემსავით მართლმადიდებელი გახდებოდა, ამიტომ, რადგან ვაშინგტონში ცხოვრობდა და კათოლიციზმით იყო დაინტერესებული, მამა დომინიკ ლეგი გავაცანი − დომინიკელი, რომელიც ჯ.დ.-ს მსგავსად იელის სამართლის კურსდამთავრებული იყო. ისინი მალევე დამეგობრდნენ, ჯ.დ.-მ გადაწყვიტა კათოლიკე გამხდარიყო. ჩემთვის დიდი პატივი იყო მის გვერდით ყოფნა მაშინ, როცა მან ქრისტე აღიარა და ეკლესიას შეუერთდა.
ეს პატარა, მეგობრული ჟესტი იყო. იმ შაბათ-კვირას ვანსებთან დავრჩი. ის, რამაც უაღრესად აღმაფრთოვანა, იყო ვანსების სიყვარული, რომელიც ერთმანეთის მიმართ აკავშირებდათ. წინა ღამით, მამა ჰენრისთან დასალევად წავედით. კარგად მახსოვს, რა ვიფიქრე იმ ღამით: ეს კაცი ნამდვილად კარგი ვინმეა. სრულიად უპრეტენზიო.
მეორე დღეს, კათოლიკურ ეკლესიაში მიღების შემდეგ, მან მე და რამდენიმე მეგობარი, თავისი ოჯახის წევრებთან ერთად, ცინცინატის ჩილის საჭმელად წაგვიყვანა. არაფერი გადაპრანჭული, უბრალო საუბრები.
იმ ზაფხულის დასაწყისში, ლუიზიანაში ჩამოსვლაზე დაგვთანხმდა, სადაც „უოლკერ პერსის კვირეულზე“ − ლიტერატურულ ფესტივალზე, რომელიც მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა ჩემს მშობლიურ ქალაქში, სენტ-ფრანსისვილში დავაარსეთ, სიტყვით უნდა გამოსულიყო. დედაჩემს − დოროთის, ძალიან უნდოდა ჯ.დ.-სთან შეხვედრა, რადგან ბევრი თვალსაზრისით, Hillbilly Elegy მისი ამბავიც იყო. ეს უამრავი ადამიანის ისტორიაა. ჯ.დ. ნამდვილი მოვლენა გახდა ფესტივალზე, მათ შორის დედაჩემისთვისაც.
მოგვიანებით დედამ მითხრა: „მე მომწონს იგი. მან იცის, რას ნიშნავს სიღარიბეში გაზრდა. მან თავი განსაკუთრებულად მაგრძნობინა“.
რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯ.დ. ვანსს იელის განათლება ჰქონდა მიღებული და მისი წიგნიც იმ დროისთვის ბესტსელერი იყო. მას არ დავიწყებია საიდან მოდიოდა. გუშინ ღამით დედამ მომწერა: „ძალზე აღელვებული ვარ. ვლოცულობ მისთვის!“ ვფიქრობ, ძველი თაობის ხალხის სახლები ტრამპ-ვანსისთვის ღია იქნება.
მე ნეიტრალურად ვერ ვიქნები განწყობილი იმ ფაქტის მიმართ, რომ იგი ტრამპის მიერ ვიცეპრეზიდენტის კანდიდატურაზე იქნა წარდგენილი. მე მიყვარს ეს ბიჭი და როგორც შეხვედრის პირველ დღეს ვუთხარი, იმედი მქონდა, რომ ერთ დღეს ხმას მივცემდი. ახლა ეს შემიძლია. როცა ამას ვწერ, ვტირი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბედნიერი ვარ ჩემი მეგობრის გამო, არამედ იმიტომ, რომ ბონი ვანსზე ვფიქრობ − ჯ.დ.-ს ბებიაზე, რომელმაც იგი გაზარდა. ის რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მე ვიცი, რას ნიშნავს იყო „მარილი ამა სოფლისა“ და გაზარდო ბიჭი, რომელიც ამერიკის ძალაუფლების მწვერვალს მიუახლოვდება. ესაა ამერიკის დაპირება.
ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს ეს. ბოლოს ასეთი სიამაყე მაშინ ვიგრძენი, როცა ბარაკ ობამა პრეზიდენტად ავირჩიეთ. მე კონსერვატორი ვარ და მისთვის ხმა არ მიმიცია, მაგრამ მოვესწარი, როგორ მოხდა ჩემს ქვეყანაში, რომ ფერადკანიანი, რომელსაც ისტორიის განმავლობაში მეორეხარისხოვან მოქალაქეებად მიიჩნევდნენ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა. აბა, როგორ არ იამაყებ ასეთი ქვეყნით?!
ახლა კი, ღარიბმა თეთრკანიანმა ბიჭმა აპალაჩიდან, რომელიც საერთოდ არ იცნობდა მამას, დედა კი ნარკომანი ჰყავდა, და რომელიც ბებია-ბაბუამ გაჭირვებით გაზარდეს, მიაღწია მწვერვალს. განა, ეს ამერიკა არაა?
მართალია ჯ.დ. ვანსი ჯერ კიდევ 2016 წელს იყო დონალდ ტრამპის მკაცრი კრიტიკოსი, მაგრამ როგორც არაერთხელ განმარტა, მოგვიანებით მან აზრი შეიცვალა. მე ეს მესმის. მეც ასევე მოვიქეცი. ტრამპი იმაზე უკეთესი პრეზიდენტი აღმოჩნდა, ვიდრე მე ვფიქრობდი, რომ იქნებოდა. გარდა ამისა, დავინახე როგორ ექცეოდა ისტებლიშმენტი ტრამპსა და მის მხარდამჭერებს თავისი პრეზიდენტობის დროს და ამან მისი მხარდაჭერისკენ მიბიძგა. და ეს იყო დიდი გამოღვიძების პერიოდი, როდესაც ინსტიტუტები მთელი ქვეყნის მასშტაბით მარცხნივ იხრებოდნენ, რადგან ტრამპსა და მის „საშინელებას“ (ჰილარი კლინტონის სიტყვაა) გაჰქცეოდნენ.
დევნისა და ტყუილის კიდევ უფრო მეტი მაგალითი იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, როცა კიდევ უფრო გაძლიერდა „ვოუკისტური“ ტენდენციები, ხოლო რასებს შორის დაპირისპირებითა და გენდერული თეორიებით ამერიკა სრულიად გაიხლიჩა. გარკვეულ მომენტში მივხდი, რომ მიუხედავად ჩემი უნდობლობისა დონალდ ტრამპის მიმართ, ის მართალია, რადგან ისტებლიშმენტი, რომელიც დევნის მას, საბოლოოდ ზიზღით უყურებს ისეთ ადამიანებს, როგორიც მე ვარ.
არ შეცდეთ − ჯ.დ. ვანსი ბრწყინვალე ადამიანია, მეტიც − მან იცის, ვინ და რა არის ამერიკა. ის გაბედული და განსხვავებულია, არ ეხმიანება მოსაწყენი რესპუბლიკური პარტიის განცხადებებს. ჯ.დ. ნამდვილი მორწმუნე და მებრძოლია. დონალდ ტრამპი შაბათს სიმბოლური სიკვდილის საწოლიდან ადგა, ფეხზე წამოდგა, სახეზე სისხლის მიუხედავად მუშტი ჰაერში შემართა და თავის მიმდევრებს მოუწოდა: „იბრძოლეთ! იბრძოლეთ! იბრძოლეთ!“ − და ახლა მან აირჩია მეწყვილე, რომელსაც მასთან ერთად ბრძოლა შეუძლია.
უპირველეს ყოვლისა, ჯ.დ. ვანსი ამერიკული კონსერვატიზმის მომავალს წარმოადგენს. ჯ.დ. ვანსის ვიცეპრეზიდენტად დასახელებით, დონალდ ტრამპმა ამერიკელ მემარჯვენეებს მისცა დინამიკური მომავალი, რომელიც უფრო მეტად უბრალო ხალხს ეკუთვნის, ვიდრე რესპუბლიკური პარტიის პატრიციებს.
წყარო: https://europeanconservative.com/articles/commentary/aint-that-america/