ეს სენატორი, რომელიც პირდაპირ უცხოურ აგენტად გამოაცხადეს ამერიკაში, შეშფოთებული იყო საქართველოში ვითომ დემოკრატიის უკუსვლით, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა სენატორ რობერტ მენენდესთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის სასამართლომ ეგვიპტელი მაღალჩინოსნებისგან ქრთამის აღებაში დამნაშავედ ცნო.
„ყველა სენატორი, კონგრესმენი და ევროპარლამენტარი, რომელიც აკეთებდა უსამართლო განცხადებებს საქართველოსთან მიმართებაში, ან უცხოურ აგენტად გამოცხადდა, ან დაიჭირეს, ან ამხილეს და ბრალი წაუყენეს კორუფციაში და ათას უბედურებაში. ეს სენატორი, რომელიც პირდაპირ უცხოურ აგენტად გამოაცხადეს ამერიკაში, შეშფოთებული იყო საქართველოში ვითომ დემოკრატიის უკუსვლით. საქართველოში დემოკრატიის შეფასების ნაცვლად საკუთარი რეპუტაცია რომ შეემოწმებინა და საკუთარი საზოგადოებისთვის ანგარიში ჩაებარებინა, მე მგონი ჯობდა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
აშშ-ის სასამართლომ კონგრესის სენატის „დემოკრატი“ სენატორი რობერტ (ბობ) მენენდესი ქრთამის აღების ფაქტზე 16 ეპიზოდში დამნაშავედ ცნო. ერთ-ერთი საბრალდებო ეპიზოდის თანახმად, კანონმდებელმა ეგვიპტელი მაღალჩინოსნებისგან ქრთამი აიღო და შესაბამისად, ეგვიპტური მთავრობის აგენტი აღმოჩნდა.