პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში ირაკლი კობახიძის მონაწილეობას აფასებს. ექსპერტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ჰქონდა იმედი, რომ უცხო ქვეყნის ლიდერები საქართველოს პრემიერ - მინისტრს გამჭვირვალობის კანონზე ან რაიმე მსგავსზე კითხვებს დაუსვამდნენ და ობსტრუქციას მოუწყობდნენ, ეს ასე არ მოხდა.
ანალიტიკოსის თქმით, უცხო ქვეყნის ლიდერების ინტერესი შუა დერეფანი და ეკონომიკური ჰაბი იყო. დავით ქართველიშვილის თქმით, ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ შედარებით პრაგმატული გახდა.
ქართველიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ფორუმზე მყოფი პოლიტიკოსების უმეტესობა ერთმანეთს ემშვიდობებოდა, რადგან იციან მალე დიდი პოლიტიკიდან წავლენ.
„ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდათ ჩვენს ცვილის ფიგურებს - ე.წ ოპოზიციას, რომ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე რაიმე ობსტრუქციაში მოყვებოდა ჩვენი პრემიერი. ვიღაც ან „რუსულ კანონს“ შეახსენებდა, რუსეთს სანქციებს რატომ არ უწესებთ რუსეთსო იკითხავდა ან რაიმე სისულელეს - არანაირ მსგავს გამოვლინებას არ ჰქონდა ადგილი. საქართველოს ლიდერთან საუბარი იყო ზუსტად იმ ენერგომატარებლების უსაფრთხოებაზე, რომლებმაც უნდა განაპირობონ ევროკავშირის მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა, იმ შუა დერეფნის ხარჯზე, რომელიც გააერთიანებს აზიას და ევროკავშირს. ამით იყვნენ ისინი დაინტერესებული, ასევე მშვიდობით და სტაბილურობით - ეკითხებოდნენ პრემიერს ესა თუ ის ეკონომიკური თუ ფინანსური ჰაბი, რეალიზაციის რა სტადიაშია. კაციშვილს არ უთქვამს იქ - ანაკლიის პორტს ჩინელებს აშენებინებთო? მსგავსი ფეიკ ნარატივი, რომლითაც დღემდე საზრდოობენ ჩვენი ცვილის ფიგურები - არ ყოფილა. უკვე ჩანს, რომ დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ნელ - ნელა გადავიდა პრაგმატულ ჭრილში და ეს მშვენივრად იცის ოპოზიციამ, ამის ნათელი მაგალითია, რომ ის ნარატივი, რომელიც მათთან უცხოელებისგან მესიჯბოქსების სახით მოდიოდა, აღარ მოდის. ვინ იყო ფორუმზე, ვინ დავინახეთ? დამსწრეთა ნაწილი ერთმანეთს ემშვიდობებოდა, იცოდნენ - ხვალ ზეგ დიდი პოლიტიკიდან პენსიაზე მიდიან. ირაკლი კობახიძე ყველას ემშვიდობებოდა იმიტომ, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს პირიქით, ისეთი შემართებით შემოვა დიდ პოლიტიკაში, რომ ბევრს გაუკვირდება. მას აქვს ვიქტორ ორბანთან პარტნიორული ურთიერთობები იმიტომ, რომ თანამოაზრეები არიან. არა მარტო ორბანი - ავსტრია , იტალია, სლოვაკეთი, ბალკანეთი, ხორვატია, რუმინეთი, სერბეთი, ბულგარეთი - ისინიც ჩვენი თანამოაზრეები არიან,“ - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.