აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი დაესწრო რესპუბლიკური პარტიის ყრილობის (RNC 2024) მორიგ ღონისძიებებს, – ამის შესახებ ინფორმაციას დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საშუალება ჰქონდა, შეხვედროდა ამერიკის წამყვან სენატორებს და კონგრესმენებს, მათ შორის: სენატორებს მარკო რუბიოს, კორი გარდნერს, დენ სალივანს, ბილ ჰაგერტის, სპიკერ მაიკ ჯონსონს, კონგრესმენ ჯო ვილსონს და რესპუბლიკური პარტიის საგარეო პოლიტიკის გუნდის წარმომადგენლებს.
„RNC 2024-ის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება ამერიკული ენერგორესურსების მსხვილი გაერთიანების LNG Allies“ ორგანიზებით აშშ-ის და მსოფლიო ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების შესახებ. სტუმრებს გახსნითი სიტყვით მიმართა აშშ-ის სენატორმა ბილ ჰაგერტიმ. ასევე გაიმართა დისკუსია მსხვილი LNG კომპანიების და გაერთიანებების ხელმძღვანელების მონაწილეობით. კონფერენციის ფარგლებში ხაზი გაესვა ამერიკული ენერგორესურსების მოპოვების გაზრდის მნიშვნელობას და მსოფლიო მასშტაბით აშშ-ის როლის გამოკვეთას ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით როგორც ტრადიციული, ისე ინოვაციური ენერგო ტექნოლოგიების მეშვეობით.
აშშ-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მედიაჰოლდინგმა Newscorp უმასპინძლა ღონისძიებას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისთვის. სტუმრებს გახსნითი სიტყვით მიმართა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა. ასევე, გაიმართა დისკუსია აშშ-ის შიდა პოლიტიკის და მომავალი საგარეო პოლიტიკის შესახებ ცნობილი პოლიტიკური კომენტატორების და Newscorp-ის აღმასრულებელი დირექტორის რობერტ ტომსონის მონაწილეობით“, – წერს დავით ზალკალიანი.