მე ძალიან მინდა, მჯეროდეს, საქართველოს მოსახლეობა, როგორც დამოუკიდებელი ერი, იმდენად გაიზარდა უკვე, რომ აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად ესმის, რომ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა სჯობს მათი სახელმწიფოსთვის და ამ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება ვიღაც უცხოელმა არ უნდა მოახდინოს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში“.
„ჩვენ გვაქვს უკვე საკმაო გამოცდილება როგორც ომის, ასევე მშვიდობის გემოსი და გვაქვს იმის გააზრების უნარი, რომ ამ პატარა ერს თუ რამე გადაარჩენდა ოდესმე, არის ის თვითგადარჩენის უნარი, რომელიც ჩვენ დნმ-ში გვაქვს და რომელიც საკვანძო მომენტში მიგვაღებინებს სწორ გადაწყვეტილებას. ღრმად მწამს, რომ ჩვენი საზოგადოება პოლიტიკურად ასეთი გათვითცნობიერებული ჯერ არ ყოფილა. უკვე ძალიან ნათლად ჩანს, სად არის თეთრი და სად არის შავი, სად იკვეთება ამ ქვეყნის ნათელი მომავალი, რომლის შექმნის უნარი მხოლოდ ქართულ ოცნებას აქვს. შეიძლება, „ქართული ოცნება“ არ მოგწონდეს და ჩვენც გუნდში არ მოგვწონდეს გარკვეული ტექნიკური პროცედურული საკითხები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ამ 12 წლის განმავლობაში გარდა იმ სისტემური ცვლილებებისა, უამრავი წინ გადადგმული ნაბიჯისა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობისთვის არის გაკეთებული, ასევე გარდა იმისა, რომ პოლიტიკური წონა ჩვენი ქვეყნის არის ბევრად გაზრდილი, ამ ყველაფერს საქართველოს მოსახლეობა უკვე სხვაგვარად აფასებს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ თვალნათელია ის სამწუხარო პროცესები, რომლებიც ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს და ის ტრაგიკული ვითარება, რომელიც დღეს უკრაინაშია და რომელიც ყველაზე კარგად აღქმადია ქართველი ერისთვის.
„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკური მანიპულაციები, რომლებიც თვეების განმავლობაში მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ძალადობის მეთოდების გამოყენებით რადიკალების მხრიდან და გარკვეული უცხოელი ადამიანების მხარდაჭერით, ძალიან კარგად არის აღქმული ჩვენი საზოგადოების მხრიდან. არავის ეგონოს, რომ საქართველოს მოქალაქე, მათ შორის მე, დღეს ისე ვაზროვნებ, როგორც ვაზროვნებდი ათი წლის წინ, როდესაც მეგონა, რომ თუ უცხოელი იტყოდა, ეს ყველაფერი მართალი იქნებოდა.
ჩვენ მთელ გუნდს გავლილი გვაქვს ძალიან დიდი გზა, რომელიც ძალიან დიდ შრომას და წინ გადადგმულ ნაბიჯებს ეფუძნება, მათ შორის კანონმდებლობის შემუშავებისა და აღსრულების კუთხით. ძალიან ბევრი რამე გვაქვს გაკეთებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის. მენდოს ძალიან ბევრი რადიკალი, რომელიც ჩირქს ქვეყანას სცხებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ, რომ მათ ჩვენს სამშობლოს აღარ დავუთმობთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.