ვხედავთ, რომ აქტიური კამპანია მიმდინარეობს, ამ ძალიან ჰუმანური აქტის დასაჩრდილად და გადასაფარად, რომელიც მიღებისთანავე, მყისიერად 1000-მდე ადამიანს შეეხება, ეტაპობრივად, ორი წლის განმავლობაში კი 5 ათასამდე ადამიანი იქნება ამნისტირებული, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერი კანონპროექტი აქციოს პოლიტიკური მანიპულაციის, შანტაჟისა და სპეკულაციის საგნად.
„ამნისტიის კანონპროექტი ჩვენთვის არ არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ ევროპულ სტანდარტებს დავუახლოვდეთ, ქვეყანაში პატიმართა რაოდენობასთან მიმართებით. იგეგმება ბევრი სხვა ღონისძიება.
რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციას იმის უნარიც აქვს, რომ ცუდი ამინდი „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს, დააბრალოს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსეთუმე და იმიტომ არის ცუდი ამინდი. ასე, რომ ამაზე საუბარი უკვე ღიმილის მომგვრელი არ არის, ტირილის მომგვრელია, რადგან ეს ადამიანები ძალიან წვალობენ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დააზიანონ. ვერ იაზრებენ იმას, რომ მათ ამ ქვეყანაში კვლავ მოუწევთ ცხოვრება“, - განაცხადა ბითაძემ.