„იმედინიუსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ლაშა ჭიღლაძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს. მათგან ერთ-ერთია 315-ე მუხლი, რომელიც შეთქმულებას გულისხმობს, ხოლო მეორე მუხლის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ამ დრომდე ვცდილობთ.
ლაშა ჭიღლაძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. გამომძიებლების შეკითხვებს ის თითქმის ერთი საათის განმავლობაში ადვოკატის თანდასწრებით პასუხობდა, თუმცა გამოკითხვიდან გამოსული ჭიღლაძე არ საუბრობს რას ედავება გამოძიება.
ადვოკატი და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ასახელებენ მხოლოდ 315-ე მუხლს, ხოლო მეორე მუხლის შესახებ არაფერს ამბობენ. ისინი ასევე არ საუბრობენ იმაზე, თუ რა კითხვები დაუსვეს საქმის ირგვლივ.
გამოკითხვიდან გამოსული ჭიღლაძე მედიის შეკითხვებს გაურბის, თუმცა, სავარაუდოდ მან გამოკითხვის დეტალებზე ვრცლად ისაუბრა დავით ქაცარავასთან, რომელიც სასამართლოს ეზოში ელოდებოდა.
ამასთან, რამდენიმე წუთის წინ უკრაინაში მყოფმა ვანო ნადირაძემ დაწერა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს ვაჟა ცეცაძე.